მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საფრანგეთში ამაზე უფრო მკაცრი ზომებია მიღებული“ - პარლამენტში ვაზის და ღვინის კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო

ვაზისა და ღვინის კანონი

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. კომიტეტმა კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ემსახურება მეღვინეობის და მევენახეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას. ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

„თანხმობა ხელს შეუწყობს მევენახეების მიერ სერტიფიცირებული ვაზის ჯიშების გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ საქმიანობის პროცესში შესაძლო ზიანი და დამატებითი დანახარჯები. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე დავიცვათ“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება. ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება. მინისტრის მოადგილემ, ვენახების გაშენების რეგულირებაზე საფრანგეთის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყურძნის ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ქვეყანაში რეგულაციები შემოთავაზებულ კანონპროექტზე ხისტია.

„საფრანგეთში ხისტი ზომები მიიღება, დაკანონებულიც არის. ჭარბი ვენახების შემცირების მოთხოვნა სავალდებულო ხდება, რაც მეწარმის სახსრებთან უნდა იყოს დაკავშირებული. პროცენტული ზღვარიც არის დაწესებული, რომ ამდენ პროცენტზე მეტი ფართობის ვენახის გაშენება არ შეეძლება მეწარმეს შესაბამის რეგიონებში. რაც შემოთავაზებულია ამაზე უფრო მკაცრი ზომებია მიღებული. ჩვენ ორიენტაციას ვიღებთ იმ შეცვლილ გარემოზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გვხვდება და ამით არის ნაკარნახები ეს მოთხოვნები [საკანონმდებლო ცვლილება]“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ძლიერი კონკურენცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააფართოოს ღვინის გაყიდვების არეალი.

„მსოფლიომ უკვე იცის, რომ საქართველოში 8000 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ვენახების გაშენება, ყურძნის მოყვანა და ღვინის წარმოება. ვალდებულები ვართ, მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ ამ მიმართულებებზე, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე აღიქმებოდეს როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები