პარიზის პროკურატურის განცხადებით, პოლიციამ ლუვრის ბილეთებთან დაკავშირებულ თაღლითობის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა. სავარაუდო დანაშაულის შედეგად, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მუზეუმმა, სავარაუდოდ, 10 მილიონი ევროს ზარალი მიიღო.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ლუვრის ორი თანამშრომელი, რამდენიმე გიდი და დანაშაულებრივი სქემის სავარაუდო ორგანიზატორი. პოლიციამ ნაღდი ფულის სახით თითქმის ერთი მილიონი ევრო, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან - 500 000-მდე ევრო ამოიღო.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის დეკემბერში ლუვრის ადმინისტრაციამ ეჭვი მიიტანა ორ გიდზე, რომლებსაც მუზეუმში ტურისტების ჯგუფები ერთჯერადი ბილეთების მრავალჯერადი გამოყენების გზით შეჰყავდათ.
ერთწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გამოავლინა ორგანიზებული ქსელი, რომელსაც 10 წლის განმავლობაში, თაღლითური გზით, დღეში 20-მდე ტურისტული ჯგუფი შეჰყავდა. სქემა მუზეუმის თანამშრომლების მოქრთამვასაც ითვალისწინებდა, რათა მათ დარღვევებზე თვალი დაეხუჭათ.
არსებობს ეჭვი, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი უკანონო შემოსავლის ინვესტირებას საფრანგეთსა და დუბაიში უძრავ ქონებაში ახდენდა.
პროკურატურის ცნობით, დაჯგუფებამ ანალოგიური თაღლითური სქემა ვერსალის სასახლეშიც განახორციელა, თუმცა უწყებას დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.
ცნობისთვის, გასულ თვეში, რენოვაციის დასაფინანსებლად, ლუვრმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ტურისტებისთვის ბილეთები 45%-ით გააძვირა.




























