მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთში წყალქვეშა ელექტროსადგური ოპერირებას 2028 წლიდან დაიწყებს

საფრანგეთი

ევროკავშირისგან დაფინანსების მოპოვების შემდეგ, საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება. Euronews-ის ინფორმაციით, Normandie Hydroliennes-ის პროექტი - NH1 - ოთხი ელექტროსადგურის გამოყენებით, ევროპის უძლიერეს მოქცევის ნაკადს განახლებადი ენერგიის წყაროდ აქცევს.

აღნიშნული ერთ-ერთია იმ ათეულობით პროექტიდან, რომლებმაც ევროკავშირის ინოვაციების ფონდიდან €4.8 მილიარდი ევროს დაფინანსება მიიღეს. ფონდს ევროკავშირის ემისიების გაცვლის სისტემიდან მიღებული შემოსავალი ავსებს, რადგან სისტემაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან, გამოყოფილი ნახშირბადის ემისიების გამო ფინანსური კონტრიბუცია გაიღონ.

როგორც ცნობილია, NH1 ელექტროსადგური ევროკავშირისგან €31.3 მილიონიანი გრანტით, Cap de la Hague-ს სანაპიროდან 3 კილომეტრის დაშორებით, მინიმუმ 38 მეტრის სიღრმეზე განთავსდება და ელექტროენერგიის გამომუშავებას 2028 წლიდან დაიწყებს.

როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, რაზ ბლანჩარდის ზღვის მოქცევა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რაც პოტენციურად 5-დან 6 გიგავატამდე დადგმული სიმძლავრის განვითარების საშუალებას იძლევა. ელექტროსადგურს საათში 15-დან 18 ტერავატამდე ენერგიის წარმოება შეეძლება, რითაც 8 მილიონ ადამიანს მოამარაგებს.

წყალქვეშა ტურბინები, რომელთა მშენებლობაც საპორტო ქალაქ შერბურგში მიმდინარეობს, 24 მეტრი დიამეტრის მქონე მბრუნავი კონსტრუქციაა, თითოეულის სიმძლავრე კი 3 მეგავატი იქნება. შესაბამისად ჯამურად 14 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური 15 ათასამდე ადგილობრივ რეზიდენტს წლიურად 34 გიგავატ/საათი ენერგიით მოამარაგებს. გარდა ამისა, პროექტით ადგილობრივები სხვა სარგებელსაც მიიღებენ: კონსტრუქციის კომპონენტთა 80% საფრანგეთში იწარმოება, სადაც Normandine Hydroliennes-ი 400-მდე სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა.

კომპანია, რომელიც პროექტს ახორციელებს აცხადებს, რომ წყალქვეშა ელექტროსადგური საზღვაო ნავიგაციასა და წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს არ შეუქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები