ბიზნესმენი და ავტომრბოლელი, შოთა აფხაზავა ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბრალდებულია. საგამოძიებო ორგანოებმა მისივე ყოფილი ბიზნესპარტნიორი დავით კაკაბაძე დაზარალებულად ცნეს.
საქმე ეხება, შპს "საგა იმპექსის" მიერ დაფუძნებული კომპანიის "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის" წილს და საერთო ბიზნესებს, რომელსაც საგამოძიებო მასალების მიხედვით, შოთა აფხაზავა მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
საქმის მასალების მიხედვით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 ივლისს შოთა აფხაზავას კუთვნილმა კომპანიამ "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა" და დავით კაკაბაძემ ერთობლივად შეიძინეს კობა ჯანიკაშვილის კუთვნილი კომპანიის "საგა იმპექსი" 100%, რომლის მფლობელადაც ფორმალურად დარეგისტრირდა "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი".
წილის შეძენის ღირებულების ნაწილი გადაიხადა "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა", ნაწილი კი - დავით კაკაბაძემ. კომპანიის დაფუძნებიდან 1 წლისა და თითქმის სამი თვის შემდეგ, 2016 წლის 26 სექტემბერს "ვითიბი ბანკში” დავით კაკაბაძემ 500 000 აშშ დოლარი გადაუხადა შპს “საგა იმპექსის” წილის გამსხვისებელს, კობა ჯანიკაშვილს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სესხის ხელშეკრულება ყალბი იყო, რომელიც შოთა აფხაზავას დავალებით დამზადდა. ასევე, აფხაზავას დავალებით დამზადდა ყალბი სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდენები. შედეგად, დაფიქსირდა, რომ კობა ჯანიკაშვილისთვის წილის შესაძენი $500 000 დავით კაკაბაძის ნაცვლად თითქოსდა გადაიხადა “რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის” სალაროდან. აღნიშნული თანხა კი, ყალბი დოკუმენტაციის მიხედვით სესხის სახით გასცა შოთა აფხაზავამ.
კაკაბაძის მიერ ზემოაღნიშნული თანხის გადახდის ფაქტის დაფარვისა და შპს “საგა იმპექსის” ერთპიროვნულ მესაკუთრედ “რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის” წარმოჩენის მიზნით, შოთა აფხაზავას დავალებით, რუსთავში დამზადდა 2016 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული სესხის ყალბი ხელშეკრულება. აღნიშნულის შედეგად, 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 9 ივლისამდე კომპანიაში საკუთარი წილის გაზრდის მიზნით, დავით კაკაბაძემ “რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის” წარმომადგენლებს გადასცა ჯამში $795 511. ამ გარემოებების დაფარვის მიზნით, შოთა აფხაზავას დავალებით რუსთავში დამზადებულ იქნა ყალბი შემოსავლის ორდერები, რომელთა საფუძველზეც, დავით კაკაბაძის მიერ გადახდილი თანხები ფიქსირდებოდა, როგორც შოთა აფხაზავას მიერ “რუსთავის საერთშორისო ავტოდრომისთვის” გაცემული სესხი.
გამოძიების მიხედვით, აფხაზავამ მოტყუებით მიიღო “საგა იმპექსში” დავით კაკაბაძის კუთვნილი $1.2 მლნ ღირებულების ქონებრივი უფლება.
გამოძიება აფხაზავას 210 მუხლის 1 ნაწილს ედავება, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს და ისჯება, ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი და "საგა იმპექსი" ამ ეტაპზე დაყადაღებულია. თავად აფხაზავა კი, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ აეროპორტში დააკავეს, თუმცა შემდეგ უცნობია, რას სტატუსით გათავისუფლდა.
საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ბრალდების ფორმულირება:
- 2015 წლის 22 ივლისს, შოთა აფხაზავას კუთვნილმა კომპანიამ "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა" და დავით კაკაბაძემ ერთდროულად შეიძინეს “საგა იმპექსის” საწესდებო კაპიტალის 100%, რომლის მესაკუთრედ ფორმალურად დარეგისტრირდა "რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი". “საგა იმპექსის” წილთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო, დავით კაკაბაძის მამამ - ბადრი კაკაბაძემ მისივე კუთვნილი კომპანიით “ბ&ნ-ით" "თიბისი ბანკიდან" გამოისყიდა "საგა იმპექსის" არსებული დავალიანების ნაწილი.
- ბრალის დისპოზიციის ნაწილში საუბარია ასევე, 3 სასაქონლო ნიშნის მიყიდვაზე, რამაც კომპანიის აქტივები შეამცირა.
- ასევე, აფხაზავამ, 2019 წელს მამის კუთვნილი კომპანიის "ალმატი ტანერი+" -ის ვალის, $5.8 მლნ-ის თავდებად "საგა იმპექსი" ჩააყენა.
- 2020 წელს "საგა პლიუსს" შოთა აფხაზავას კუთვნილმა კომპანიამ "Artline Wings"-მა ცალმხრივად შეუწყვიტა ლიზინგის ხელშეკრულება. ამის შემდეგ "Artline Wings"-თვის გადასახდელი დარჩენილი 144 492 ლარის ნცვლად "საგა იმპექსმა" აფხაზავას კუთვნილ "Artline Wings"-ს უსაფუძვლოდ დაუბრუნა 1 045 306 ლარის სალიზინგო საქონელი, რითაც მიადგა 900 814 ლარის ქონებრივი ზარალი.
- ბრალი წარდგენილია "საგა იპექსის" მიერ, "არისტონის" პროდუქციის ხელსაყრელ ფასად პირველადი მოწოდების შეწყვეტისთვისაც. რის შემდეგაც, "საგა იმპექსმა" შოთა აფხაზავას კუთვნილი "Artline Wings"-გან შეიძინა იგივე დასახელების პროდუქცია და 486 709 ლარით მეტი გადაიხადა.
- "Artline Wings"-სს ახლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ადევს.
bm.ge გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ პირი ბრალდებულია, თუმცა როგორია ახლა მისი სტატუსი, რა პირობებით განთავისუფლდა პატიმრობიდან და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გადაგვამისამართეს, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
ასევე, ველით პასუხს კითხვაზე, მოქმედებდა თუ არა აფხაზავა მარტო და ვინ არიან საქმის სხვა აქტორები. ნოტარიუსი, იურისტი და ა.შ.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, შოთა აფხაზავა ჩვენს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, როგორია მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.
BM.GE მზად არის, ორივე მხარის ნებისმიერი პოზიცია გააშუქოს.
ვინ არის შოთა აფხაზავა?
შოთა აფხაზავა – დიპლომირებული ინჟინერი და სარბოლო მანქანების კონსტრუქტორი, ავტომრბოლელი, სხვადასხვა ტურნირისა და მსოფლიო თასების არაერთგზის პრიზიორი, ბიზნესმენი, რუსთავისა და მოსკოვის მიაჩკოვოს ავტოდრომების მფლობელია. "დინჯი მრბოლელი" მისი თქმით ასე მოიხსენებენ და ასე უწოდებს საკუთარ თავსაც.
მედიაში მისი ინტერვიუების მიხედვით, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჟამად ყაზახეთის მოქალაქე საქართველოში 8 კომპანიას ფლობს.