საგადახდო სისტემების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებების შედეგად, ეროვნულ ბანკს მიეცა უფლება საგადახდო სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს სებ-ში ანგარიშსწორების ანგარიშები გაუხსნას.
ამ დრომდე საგადახდო სისტემის პროვაიდერებს, გადახდის განხორციელება მხოლოდ კომერციულ ბანკებში გახსნილი საშუამავლო ანგარიშების მეშვეობით შეეძლოთ, რის გამოც სერვისის საკომისიოს კომერციული ბანკებიც იღებდნენ. ამ ცვლილების შემდეგ კი მათ სებ-ში სპეციალური მომსახურე ანგარიში ექნებათ, რაც საგადახდო სერვისის მიმწოდებლებს უფრო კონკურენტუნარიან ფასად მისცემს მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას.
"ანგარიშსწორების ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციული ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.
აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციური და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარების ფაქტორია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ იფნრომაციაში.




























