საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების" მოდულს ახალი ფუნქციონალი - "ავანსით განაშთვა" დაემატა - ამის შესახებ BDO-ს საგადასახადო მიმოხილვაში არის აღნიშნული.
2025 წლის 21 ივნისს გადასახადის გადამხდელებს დაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ინსტრუქცია, სახელწოდებით „ანგარიშფაქტურების" მოდულის "ავანსით განაშთვა" ჩანართის გამოყენების ინსტრუქცია“.
"ცვლილების შედეგად, ახალი ფუნქციონალის გამოყენებით შესაძლებელია გამყიდველის მიერ დაწყვილებული ავანსის ანგარიშფაქტურების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რაც აერთიანებს, როგორც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას. ახალი ჩანართის მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მის მიერ/მის სახელზე გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და მიწოდების ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილების შესახებ მოიძიოს ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა დაწყვილებულია მიწოდების რამდენიმე ანგარიშ-ფაქტურასთან.
ჩანართით ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემებით, როგორიცაა ავანსის ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, ავანსის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი, ავანსის ოპერაციის საანგარიშო პერიოდი, განაშთვის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და ნომერი, განაშთული დღგ და სხვა",- აღნიშნულია BDO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რა არის ავანსით განაშთვა:
საგადასახადო საკითხების ექსპერტი და კომპანია TP Solution-ის დამფუძნებელი, გელა ბარშოვი განმარტავს, რომ მიღებული ავანსები დღგ-ით იბეგრება, ხოლო ავანსით გათვალისწინებული პროდუქციის თუ სერვისის მიწოდების შემდეგ გადამხდელის პერსონალურ გვერდზე გაჩენილი ახალი მოდული შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციების უფრო მარტივად მოძიებას, დაჯგუფებას უფრო ამარტივებს.
შემოსავლების სამსახურის ინსტრუქცია:
"შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე „ანგარიშ-ფაქტურის“ მოდულს დაემატა ახალი ჩანართი „ავანსით განაშთვა“,
სადაც გაქვთ შესაძლებლობა მოიძიოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- თქვენ მიერ გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დაწყვილებულია თქვენ მიერვე გამოწერილ მიწოდების ანგარიშ-ფაქტურებთან;
- თქვენ სახელზე გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურები (მყიდველის ჩანართი), რომლებიც თქვენ სახელზე გამოწერილ მიწოდების ანგარიშ-ფაქტურებთან არის დაწყვილებული.
ჩანართი აერთიანებს, როგორც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ზემოთ მითითებულ ინფორმაციას.
ჩანართში ანგარიშ-ფაქტურები დალაგებულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღის მიხედვით.
„ავანსით განაშთვის“ ჩანართით გეძლევათ შესაძლებლობა მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა მონაცემებით, როგორიცაა ავანსის ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, ავანსის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი, ავანსის ოპერაციის საანგარიშო პერიოდი, განაშთვის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და ნომერი, განაშთული დღგ და სხვა.
„ავანსით განაშთვის“ ჩანართით, როგორც ზემოთ არის აღნიშნული გაქვთ შესაძლებლობა მოიძიოთ ინფორმაცია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა მიწოდების რომელ ანგარიშ-ფაქტურასთან გაქვთ დაწყვილებული, ასევე რომელი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაზე გაქვთ მიბმული (განაშთვის მიზნით).
სვეტში „განაშთული დღგ“ ასახულია ინფორმაცია ავანსის ანგარიშ-ფაქტურის სრული დღგ-დან რამდენია
განაშთული მიწოდების შესაბამის ანგარიშ-ფაქტურაში.
სვეტში „ავანსის თანხა“, ასახულია ინფორმაცია თუ რა თანხაზე არის გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო სვეტში „ავანსის დღგ", ასახულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის მთლიანი ოდენობა.
გაითვალისწინეთ, თუ ერთი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა გაქვთ რამოდენიმე მიწოდების ანგარიშ-ფაქტურასთან განაშთული, ინფორმაციის მოძიებას შეძლებთ ავანსის ანგარიშ-ფაქტურის სერიისა და ნომრის სვეტში, შესაბამისი მონაცემების დაფიქსირებით, რის შემდეგაც სისტემა გამოიტანს ყველა იმ მიწოდების ანგარიშ ფაქტურას რომელზეც იგი გაქვთ განაშთული,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























