მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგადასახადო დავების საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება დროში ჭიანურდება - ზურაბ ძნელაშვილი

ზურაბ ძნელაშვილი

ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2024 წელს ჯამში 2 547 საჩივრით მიმართეს. 2023 წელთან შედარებით საჩივრების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თუმცა გაზრდილია სადავო თანხის მოცულობა.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ჯამში საბჭოს 72 სხდომა ჩატარდა, სადაც თითქმის 1.2 მილიარდი ლარის საგადასახადო დავა განიხილეს. 2023 წელთან შედარებით 134 მლნ ლარით გაიზარდა სადავო თანხის მოცულობა.

საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დავების საბჭოში საჩივრების განხილვის ვადები დაჩქარებულია, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ახლა საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურებული ვადები წარმოადგენს.

როგორც იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი BMG-სთან აცხადებს, ბიზნესს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურების საკითხი აწუხებს.

„ადრე უფრო მეტი დრო სჭირდებოდა საჩივრების განხილვას და იყო შემთხვევები, როდესაც 1 წელი და უფრო დიდი ხანი სჭირდებოდა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა ბოლო პერიოდში დავების განხილვის ვადები შემცირდა და ხშირად გადაწყვეტილებები 2-3 თვეშიც გამოდის ხოლმე.

თუმცა გამოწვევად რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი, დავების საბჭოს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის და კონტროლის სისტემა, რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს. ვისურვებდი, რომ გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკასაც აწარმოებდეს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო. მხოლოდ საკითხის გადაწყვეტა და თუნდაც ბიზნესის სასარგებლოდ დაკმაყოფილება არაა საკმარისი, თუ ის არ აღასრულა მოპასუხე საგადასახადო ორგანომ.

გადამხდელები ძირითადად უჩივიან დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულების დროში გაჭიანურების საკითხს. შეიძლება მოიგო დავა, თუმცა აუდიტორს არ ეცალოს ან ბევრჯერ შეიცვალოს და ეს პროცესი დროში იწელება“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მაშინ მიმართავს, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მას გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი დააკისრა, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ჯერ შემოსავლების სამსახურშივე ასარჩივრებს, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები