საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
მოცემულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპებს და პროცედურებს, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო შემოწმების აქტის და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის (ასევე, დარიცხვის ბრძანების) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებას.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების გასაჩივრება
თუ თქვენი კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე თქვენს კომპანიას დამატებით დაეკისრა საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები, თქვენ გაქვთ რამდენიმე გზა:
- გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;
- გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება პირდაპირ სასამართლოში;
- არ გაასაჩივროთ და შემოსავლების სამსახურს მიმართოთ საგადასახადო შეთანხმების ან/და ვალდებულების გადახდის დროში გადანაწილების მოთხოვნით, ან გაასაჩივროთ და პარალელურად მიმართოთ შეთანხმებისთვის;
- არ გაასაჩივროთ და გადაიხადოთ დაკისრებული გადასახადები და სანქციები;
შენიშვნა: შესაძლებელია ზემოთ მოცემული ზოგიერთი ვარიანტის ეტაპობრივად კომბინირებაც (მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის დასრულების შემდეგ (თუ ამ ეტაპზე დავა სრულად ვერ იქნა მოგებული), შეგიძლიათ დავა გააგრძელოთ სასამართლოში და სასამართლო დავის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს მიმართოთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით).
წესისამებრ, ყველაზე პრაგმატული და პრაქტიკული გზაა, პირველ რიგში საგადასახადო დავის წამოწყება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რადგან, თუ კომპანიის სასარგებლოდ არგუმენტები არსებობს, თქვენ რეალური შანსი გაქვთ, დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაშივე მოიგოთ მთლიანად ან ნაწილობრივ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წაგების შემთხვევაშიც კი, თქვენ ისევ გრჩებათ შესაძლებლობა: საჩივარი წარადგინოთ სასამართლოში (და არა-პირიქით) ან/და შემოსავლების სამსახურში წარადგინოთ განცხადება საგადასახადო შეთანხმების თაობაზე.
და ბოლოს, სასამართლოში საგადასახადო დავები ბევრად უფრო იწელება დროში და ამასთან, საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებული ბაჟიც გადასახდელია, განსხვავებით ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გამართული დავისა (სადაც საჩივრის წარდგენა უფასოა).
მხედველობაში იქონიეთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადასახადის გადამხდელების მიერ მოგებული (ნაწილობრივ ან სრულად) საგადასახადო დავის საქმეების რიცხვი საკმაოდ მაღალია, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავას ნამდვილად აქვს აზრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი არგუმენტები მოიპოვება თქვენი კომპანიის სასარგებლოდ.
საგადასახადო დავის ეტაპები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ორი ინსტანცია არსებობს:
- შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი (პირველი ინსტანცია);
- ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (მეორე ინსტანცია).
მხოლოდ ორი ინსტანციის არსებობის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის პროცესში, შესაძლოა, 4 ან მეტი საჩივრის წარდგენა და შემდგომში მათი დაცვა გახდეს საჭირო.
ამის მიზეზებს ქვემოთ აგიხსნით:
როდესაც საგადასახადო შემოწმების შედეგად, rs.ge პლატფორმაზე თქვენს კომპანიას გამოეგზავნება საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება, აღნიშნული დოკუმენტების გახსნიდან 30 კალენდარული დღე გაქვთ, რომ დოკუმენტები გაასაჩივროთ პირველ ინსტანციაში - შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში. ამას დავარქვათ პირველი საჩივარი.
თქვენს პირველ საჩივარს შემოსავლების სამსახური განიხილავს. ამისთვის, წესისამებრ, განხილვაზე იბარებენ თქვენს წარმომადგენელს (მნიშვნელოვანია, რომ დავის პროცესში თქვენი კომპანიის წარმომადგენელი იყოს საგადასახადო საკითხების კვალიფიციური სპეციალისტი), რომელიც მონაწილეობს დავის განხილვის პროცესში. დავა, თავის მხრივ, შეიძლება გაიმართოს პირისპირ შეხვედრით ან დისტანციურად, საკომუნიკაციო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. თუმცა, ზოგჯერ, წარმომადგენლის დასწრების გარეშეც განიხილავენ საკითხს. შემოსავლების სამსახური სადავო საკითხის განხილვის შემდეგ გამოსცემს ბრძანებას (გადაწყვეტილებას).
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება 3 კატეგორიად დავყოთ:
- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ანუ სრულიად უარი);
- ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ (ანუ სრულიად თანხმობა);
- ან საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ანუ ნაწილობრივ თანხმობა).
მესამე შემთხვევა (საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილება) პრაქტიკაში ყველაზე ხშირია, განსაკუთრებით, როდესაც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი ავალებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს (ანუ შემმოწმებლებს, ვინც საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები დააკისრა თქვენს კომპანიას), რომ ხელახლა მოხდეს საკითხის შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემცირდეს კომპანიაზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მეორე ინსტანციაში ვასაჩივრებთ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას - ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ (დავარქვათ საჩივარი #2). ამასთან, ველოდებით როდის აღასრულებს აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის პირველ გადაწყვეტილებას ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე.
საგადასახადო შემოწმების დასკვნა
გაითვალისწინეთ, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გამოცემით, დაკისრებული გადასახადები და სანქციები ავტომატურად არ შეგიმცირდებათ, მაშინაც კი, თუ დავას სრულად მოიგებთ. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, ანუ შემმოწმებელმა, ვინც განახორციელა თქვენს კომპანიაზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება. იგივე პირმა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაიანგარიშოს და შეამციროს აქტით დაკისრებული გადასახადები და სანქციები (ან არ გადაიანგარიშოს და არ შეამციროს).
ასეთი გადაანგარიშების პროცესის შედეგად გამოიცემა საგადასახადო შემოწმების დასკვნა, სადაც აღიწერება, გადაანგარიშების ან არგადაანგარიშების მიზეზები და თანხები, რომლითაც შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები და ჯარიმა. ასევე გამოიცემა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის/შემცირების ბრძანება.
წინა საკითხი რომ გავაგრძელოთ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, გასაჩივრებული გვაქვს მეორე ინსტანციაში და თან ველოდებით შემმოწმებლების მიერ ამ ბრძანების აღსრულებას.
დავუშვათ, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების დასკვნა, სადაც თქვენი საგადასახადო ვალდებულებები საერთოდ არ შემცირდა ან უმნიშვნელოდ შემცირდა (რაც საკმაოდ ხშირად ხდება პრაქტიკაში, თუ დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში გაკეთებული მითითება ზოგადია, მაგალითად ტექსტით „მოახდინეთ კორექტირება შესაბამისი ფაქტების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში“).
შედეგად, ჩვენ უნდა გავასაჩივროთ უკვე დასკვნა და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა პირველ ინსტანციაში, ანუ შემოსავლების სამსახურში (ესეც საჩივარი #3). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასკვნის ვასაჩივრებთ გადაწყვეტილების აღსრულების სისწორეს ვხდით სადავოდ. ანუ ვამბობთ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა (შემმოწმებელმა) არასწორად შეასრულა ის დავალება, რაც დავის განმხილველმა ორგანომ მას დააკისრა.
ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ორი პარალელური ხაზით გრძელდება:
„დავის პირველი ხაზი“: ვასაჩივრებთ საგადასახადო შემოწმების აქტს პირველ ინსტანციაში, შემდეგ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ მეორე ინსტანციაში, თუ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღები არ არის (ეს პროცესი ზემოთ უკვე აღვწერე);
„დავის მეორე ხაზი“: ამასთან ერთად, ვასაჩივრებთ შემმოწმებლების მიერ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების არასწორად აღსრულებას, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაანგარიშება ჩვენთვის სასურველი შედეგით არ განხორციელდა (ანუ, ვასაჩივრებთ დასკვნას და თანდართულ დოკუმენტებს). სხვა სიტყვებით, ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება არ იყო სრულიად სწორი, ანდა იყო ბუნდოვანი და ამიტომაც გავასაჩივრეთ, თუმცა ამ გადაწყვეტილების საფუძველზეც კი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ (ნაწილობრივ მაინც) უნდა შემცირებულიყო კომპანიაზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები, რაც არ გაკეთდა.
ჩვენს #3 საჩივარზე იმსჯელებს შემოსავლების სამსახური, განიხილავს სწორად მოხდა თუ არა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისი წინა გადაწყვეტილების აღსრულება, რაზეც გამოსცემს მეორე ბრძანებას (გადაწყვეტილებას). სავარაუდოდ, ეს ბრძანებაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე იქნება (ასეთი დაშვება გავაკეთოთ), რაც ჩვენ მიერ უკვე მეორე ინსტანციაში საჩივრდება: ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი #4).
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განიხილავს ჩვენს საჩივარს, და გამოსცემს გადაწყვეტილებას (ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო სისტემაში).
აუდიტის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზეც გამოსცემს დასკვნას, რომელიც ასევე შეიძლება გასაჩივრდეს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი #5).
ამას გარდა, ზოგჯერ მეორე ინსტანცია აუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და შემოსავლების სამსახურს საჩივარს უკან უბრუნებს - ხელახლა განსახილველად. ამ შემთხვევაში, პროცესი თავიდან იწყება.
გაითვალისწინეთ, რომ დავის ორი ინსტანცია აუცილებლად არ ნიშნავს, მხოლოდ ორ გასაჩივრებას და ორი საჩივრის დაცვას. პრაქტიკაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის პროცესი ზოგჯერ საჩივრის 5-ჯერ ან მეტჯერ მომზადებას და დაცვასაც გულისხმობს.
რომ შევაჯამოთ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავა მიმდინარეობს ჩვენს საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ასევე, ამის პარალელურად, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, დავის განცალკევებული ხაზი წარიმართოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაშივე.
საგადასახადო საჩივრის წარდგენის ვადები
პირველ ინსტანციაში (შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი) საჩივრის წარდგენის ვადაა 30 კალენდარული დღე, ხოლო მეორე ინსტანციაში (ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო) საჩივრის წარდგენის ვადაა 20 კალენდარული დღე.
აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი დოკუმენტის ჩაბარების (ტიპურად, ჩაბარება ხდება კომპანიის rs.ge გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გახსნით) მეორე დღიდან.
აღნიშნული ვადების გაშვების შემთხვევაში, თქვენ დიდი ალბათობით დაკარგავთ საგადასახადო დავის გაგრძელების უფლებას, ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდეთ ამ საკითხს და არ გაუშვათ კანონით დაწესებული გასაჩივრების ვადები.
ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოება საგადასახადო დავის დროს
მიუხედავად ზემოთ ნახსენები დაწესებული ვადებისა, თქვენ შეიძლება მოგეცეთ დავის პროცესის განახლების შესაძლებლობა კანონით დაწესებული ვადების გასვლის შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე იქნება ე.წ. ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოება.
საგადასახადო კოდექსი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას შემდეგნაირად განმარტავს:
„ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.“
ამასთან ერთად, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, „საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული“.
რა არის აუცილებელი საგადასახადო დავის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავის პროცესში, ამ პროცესის დასაწყისიდანვე, თქვენი კომპანიის ინტერესებს იცავდეს საგადასახადო ექსპერტი (საგადასახადო კონსულტანტი, საგადასახდო იურისტი), რადგან თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში აღნიშნულმა არასწორმა ან არასრულმა არგუმენტებმა, შესაძლოა დავის პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანოს და ამ შემთხვევაში, საქმეში საგადასახადო ექსპერტის მოგვიანებით ჩართვამაც რთულად გამოასწოროს დაშვებული შეცდომებით გამოწვეული შედეგები.
ყველაზე სწორი მიდგომაა, თუ საგადასახადო ექსპერტი საგადასახადო შემოწმების პროცესშივე ჩაერთვება, რათა შემოწმების დროიდანვე იქნას თავიდან არიდებული კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციისას დაშვებული შეცდომები.
საგადასახადო დავის საქმეებში საგადასახადო ექსპერტის წარმატების მაღალი კოეფიციენტი, წესისამებრ, განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირველ რიგში, საგადასახადო დავის მხარდაჭერის მომსახურების გამწევმა სპეციალისტმა პროექტის დაწყებამდე ობიექტურად უნდა შეაფასოს კლიენტის მიერ დავის მოგების შანსები და ამის შესახებ აცნობოს კლიენტს, ისე რომ, არ უნდა მოხდეს გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა.
ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნას, არამედ, კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების არსებობის მიზნის სიღრმისეულად გაცნობიერებასაც.
კანონმდებლის მიერ კანონის კონკრეტული ნორმის შემოღების მიზნის გაცნობიერება გვეხმარება ამ საკანონმდებლო ნორმის სიღრმისეულ ანალიზში. ეს კი აუცილებელი პირობაა საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი საკითხების კრიტიკულად გაანალიზებისთვის და ჯარიმის დარიცხვის საფუძვლების საპირისპირო არგუმენტების მოფიქრებისთვის/მტკიცებულებების მოპოვებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავის პროცესში მხარდამჭერი საგადასახადო ექსპერტი თანხმდებოდეს მხოლოდ ისეთ საგადასახადო დავის საქმეებში ჩართულობაზე, სადაც კლიენტის მიერ დავის მთლიანად ან ნაწილობრივ მოგების რეალური შანსი არსებობს (მათი აზრით). ასეთ შემთხვევაში, თქვენი კომპანიის წარმომადგენელი საგადასახადო დავის პროცესში წარმოადგენს და დაიცავს თქვენთვის სასარგებლო ისეთ პოზიციებს/არგუმენტებს, რისიც თვადაც ნამდვილად სჯერათ. ეს კი, მათ უფრო მეტად დამაჯერებელს გახდის დავის პროცესში და კიდევ უფრო გაზრდის თქვენი კომპანიის მიერ დავის მოგების შანსებს.
საგადასახადო დავის პროცესში მხარდაჭერა კომპანია ,,თიფი სოლუშენის“ მიერ
კომპანია ,,თიფი სოლუშენი“ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და/ან სასამართლოში გამართული/გასამართი საგადასახადო დავის პროცესში მხარდაჭერას რეგულარულად და წარმატებით უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფ კომპანიებს.
„თიფი სოლუშენის“ მხარდაჭერა საგადასახადო დავის პროცესში გულისხმობს შემდეგს:
- საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული ჯარიმის დარიცხვის საფუძვლების (დარიცხვის თემების) კრიტიკულ ანალიზს;
- კომპანიის სასარგებლოდ არგუმენტების და მტკიცებულებების შეგროვებას;
- იმ საკანონმდებლო ნორმების, ინსტრუქციების, ქართული და საერთაშორისო პრაქტიკის, დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებების მოძიებას, რომელთაც კომპანიის სასარგებლოდ მოპოვებული არგუმენტები დაემყარება;
- საგადასახადო საჩივრის შემუშავებას და წარდგენას;
- ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან/და სასამართლოზე გამართულ დავის განხილვის პროცესში თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას;
კომპანია „თიფი სოლუშენის“ მომსახურება ასევე მოიცავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დასკვნის შემუშავების პროცესში (დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპი), საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციაში კომპანიის წარმომადგენლობას მაქსიმალურად დადებითი შედეგის მიღწევის მიზნით.
სტატიის ავტორია - გელა ბარშოვი, საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანია „თიფი სოლუშენის“ დამფუძნებელი და საგადასახადო კონსულტანტი, სპეციალიზებული საგადასახადო კოდექსის, ტრანსფერ ფრაისინგის და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების საკითხებში. საგადასახადო დავებში "თიფი სოლუშენს“ წარმოადგენს გელა ბარშოვი და პირადად უძღვება დავის განხილვის ყველა პროცესს.