ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ხიშტოვანის პროგნოზით, 2025 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობას საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმილი ზრდის შესრულება გაუჭირდება.
“საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები გვეუბნება, რომ ზრდის ის განსაკუთრებული ტემპი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს წინა წლებში ჰქონდა, დამთავრდა“, - ამბობს გადაცემა „წერტილში“ ეკონომისტი.
მისივე თქმით, მართალია, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა, ჯამში, შესრულდა, მაგრამ ძირითადი გადასახადების შესრულებას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გეგმის შესრულებამ გადააჭარბა 100%-ს.
"როგორც ბიზნესმდგომარეობაა არასახარბიელო, არასახარბიელოა საჯარო ფინანსების მდგომარეობაც", - აცხადებს ეკონომისტი.
გიორგი ხიშტოვანი თავის პროგნოზს 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის პირველი კვარტალის საგადასახადო შემოსავლების 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამყარებს.
კერძოდ, ეკონომისტის დაკვირვებით, წელს, პირველ სამ თვეში ბევრად ნაკლები ტემპით გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები, ვიდრე 2023 და 2024 წლების ანალოგიურ პერიოდებში.

„ეკონომიკიდან აკრეფილი გადასახადები არის იმის მანიშნებელი, როგორ იზრდება ეკონომიკა“, - ამბობს ეკონომისტი "წერტილში" და თავისი მოლოდინის გასამყარებლად სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს.
„2025 წელს პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მთლიანი საგადასახადო შემოსავლების ზრდა არის მხოლოდ 5,3%;
გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ნომინალური ზრდა ანუ არ არის გათვალისწინებული ინფლაციის ეფექტი; მარტის მდგომარეობით, წლიური ინფლაცია 3,5%-ია და შესაბამისად, რეალური ზრდა კიდევ უფრო დაბალი გამოდის და 1-დან 2%-მდე მერყეობს.
ამ დროს, 2024 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნომინალური ზრდა იყო 25,3%, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანად აკრეფილი გადასახადების ზრდა იყო 12,7%;
ვფიქრობ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ საბიუჯეტო ნაწილში, „ქართული ოცნების“ ბაქი-ბუქის და გასაოცარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებით ტრაბახის პერიოდი დასრულდა.
ახლა, საერთოდ საეჭვო ხდება, მთლიანი საგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულება თუ მოხერხდება წლიურ ჭრილში, რადგან არსებული გეგმის მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 8,6%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.




























