საგადასახადო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგადასახადო სისტემის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას ითვალისწინებს, უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დამატებითი ღირებულების გადასახადთან (დღგ) დაკავშირებული ნორმების ევროკავშირის დირექტივასთან ჰარმონიზაცია მოხდება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათებს, ნორმების უფრო ცხადად წარმოჩენას. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ამა თუ იმ ნორმის ჰარმონიზებაზე, მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად ის, რომ ჩვენ არამხოლოდ კოპირებას ვაკეთებთ ამა თუ იმ ნორმის ან შეფასებას, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებების ამ კონკრეტულ დღგ-ს დირექტივასთან მიმართებაში საქართველოში გადმოტანა მოხდეს. არამხოლოდ ამა თუ იმ რეგულაციის გადმოტანას ვახდენთ, არამედ იმ ცოდნისა და გამოცდილებისაც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე რამდენიმე ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება:
„ძირითადად პრინციპების დონეზე იცვლება დღგ-ს დროც, ადგილის განსაზღვრის ნორმებიც, ძირითადი პრინციპი შემოდის რომ, თუ ესა თუ ის მომსახურება შესრულდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის სრულად განთავისფულდება დღგ-სგან და ეს არ იქნება სახელობითი ჩამონათვალი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ნორმები, რომლებიც ისედაც გათავისუფლებული იყო დღგ-სგან, როგორიც არის მაგალითად, ჯანდაცვის და განათლების სექტორი, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებიც მასთან ერთად იქნება გათავისუფლებული დღგ-სგან.
და ასევე რამდენიმე სიახლეზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ამავე პროექტში არის. ეს არის დევნილებისთვის, რომელთაც 2011 წლის მდგომაროებით, 5 ჰექტრამდე მიწის ფართობი აქვთ, 2013 წლიდან მოყოლებული სრულად გათავისუფლდებიან მიწის გადასახადისგან. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩემი აზრით, არის ის, რომ 2026 წლამდე გადაიწევს შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა დაუმთავრებელ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლამდე დაიწყო და დღემდე არ არის დასრულებული“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
როგორც მან განაცხადა, ცვლილებების ამოქმედება 2021 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.