სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 2 ნოემბერს, ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოაცხადა.
როგორც bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, მშენებლობა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე გადმოცემულ 4 440 მ2 მიწის ფართობზე აშენდება და მისი ღირებულება 17 850 000 ლარი იქნება, რომლის დასრულებაც 24 თვეშია დაგეგმილი.
ახალი სათავო ოფისი, გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილების გათვალისწინებით სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე.
"2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება.
სამსახურის გაძლიერების აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის თანახმადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამჟამად, ქ. თბილისში, მ. ასათიანის ქუჩაზე განთავსებულ იჯარით აღებულ ოფისში ფუნქციონირებს, რომელიც შექმნის დღიდან სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გადმოეცა. ამასთან, სამსახურის საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, დამატებითი საოფისე ფართი იჯარით იქნა აღებული. აღნიშნული ორი ოფისის საიჯარო ქირა წელიწადში დაახლოებით 700 000 ლარს შეადგენს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
ფართის სიმცირისა და შენობის კონფიგურაციის გათვალისწინებით, შენობა ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც საგამოძიებო პროცესს აფერხებს, შეუძლებელს ხდის გამომძიებელების რიცხოვნობის გაზრდას და სამსახურის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ქ. თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაზიანებული (ჩამონგრეული) შენობა გადმოეცა, რომლის რეაბილიტაციასაც ინსპექტორის სამსახური ცენტრალური ოფისის მოწყობის მიზნით ახორციელებდა. თუმცა, 2021 წლის 29 ნოემბერს, სამუშაოების მიმდინარეობისას შენობის შიდა პერიმეტრზე სართულშუა გადახურვებისა და საყრდენი კედლების ნაწილი ჩამოინგრა და მომეტებული საფრთხის გამო მშენებლობის პროცესი შეწყდა, რის შემდეგაც დაზიანებული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდა, ხოლო შენობის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტენდერის გამოცხადებამდე სამსახურმა არქიტექტურული პროექტის შემუშავების მიზნით, ღია კონკურსის საფუძველზე კომპანია შეარჩია და 2023 წლის ივნისის თვეში, ახალი სათავო ოფისის პროექტის პრეზენტაციასახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლებს საჯაროდ წარუდგინა.