24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა საქართველოს მასშტაბით ქალაქებში 2025 წლის ბოლოს, სოფლებში კი 2030 წლის ბოლომდე მოგვარდება - ამის შესახებ bm.ge-თან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გუგა კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 100 -ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს, რაშიც ჯამში წელს 186 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
მან ასევე განმარტა, რომ გამოწვევებია ვადებთან დაკავშირებით: "პროექტებში ერთ-ერთ გამოწვევად სახელმწიფო კომპანიაში კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან დადგენილი ვადების დაცვა სახელდება".
მისივე თქმით, პროექტების მასშტაბი გაიზარდა, რომელსაც ბაზარზე არსებული კომპანიების ნაწილი ვერ უმკლავდება, რაც კონკრეტულ შემთხვევებში მიმწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას იწვევს და ეს პროექტს აჭიანურებს.
“პირობითად, დღემდე თუ არის დახარჯული მილიარდი ლარი, ამ მოცულობის თანხა იხარჯება მომავალი 2 წლის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა და ეტაპობრივად კომპანიებიც იზრდებიან, თუმცა ჯერ ვერ არის იმ ბაზრის შესაბამისად კომპანიები მზად, რომ ერთიანად შეძლონ და ამხელა სამუშაო აწიონ. თუმცა მეტ ნაკლებად როგორც სხვა კომპანიებში, არის კარგი შედეგები, დამაკმაყოფილებელი, მაგრამ სამწუხაროდ, გვიწევს უკიდურესი ზომების მიმართვაც და ხელშეკრულების შეწყვეტაც. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა. შემდგომში ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი კონტრაქტორის შერჩევა. ეს არის გამოწვევა უბრალოდ დროის მხრივ,”-ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძე.