მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საგარანტიო მექანიზმმა მისია შეასრულა“ - 330-მილიონიანი პროგრამის დაბალი ათვისების მიზეზები

5fdcd0d437782
თელარა გელანტია
18.12.20 21:14
1109
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც წელს ამ პროექტისთვის მთავრობამ 330 მლნ ლარი გადადო და გაკეთდა გარკვეული პროგნოზებიც, რომ პროგრამის მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდებოდა. „ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას”, - აცხადებდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაზაფხულზე, თუმცა bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 13 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ 139 ხელშეკრულება ანუ სესხი გაფორმდა, საიდანაც 121 სესხი გაიცა ახალ პროექტებზე, ხოლო რესტრუქტურიზაცია სულ 18 სესხზე მოხდა. რაც შეეხება სესხების მოცულობას, ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში გაცემულია თითქმის 108 მილიონი ლარის სესხი, რომელშიც სააგენტოს გარანტია არის 89 მილიონი.

Bm.ge-იმ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ჰკითხა - რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის განსაზღვრული 330 მილიონი ლარიდან, ჯერჯერობით, მესამედიც არაა ათვისებული და ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ პროგრამამ ვერ იმუშავა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმმა თავისი მისია შეასრულა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე და იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც პროგრამის ათვისება დაბალია.

„იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც აღნიშნული პროგრამის გაფართოება დაანონსდა (პირველი „ლოქდაუნი“), ამ პროექტმა იმუშავა. ანუ ორი მხარე იყო: ერთი - მომხმარებელი, რომელსაც სჭირდებოდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობა, მისულიყო ბანკთან და ესაუბრა ამ საკითხზე და არ ჰქონოდა მოლოდინი, რომ სესხის რესტრუქტურიზაციისთვის უზრუნველყოფა არ ეყოფოდა, მეორე - საბანკო სექტორისთვის ეს იყო ბანკების მხარდაჭერისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მისი ინვესტორებისთვისაც საკმადო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პროგრამამ, ფაქტობრივად, მეტი სიმშვიდე შესძინა არა მხოლოდ მომხმარებელს და ბანკებს, არამედ - ინვესტორებს. ამდენად, რეალურად, პროგრამამ თავისი მისია შეასრულა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ამასთან, bm.ge-ის კითხვაზე - რატომაა განსაკუთრებით დაბალი შესრულება სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში, რადგან 139 სესხიდან რესტრუქტურიზაციაზე მხოლოდ 18 სესხი მოდის, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნული იმით ახსნა, რომ ძირითადი გათვლა უძრავი ქონების ბაზარზე იყო და ვინაიდან ბაზარზე მკვეთრ მერყეობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ინსტრუმენტზე მოთხოვნაც არ იყო. „რესტრუქტურიზაცია რომ არ დაგვჭირდა, ამას უფრო დადებითი მხარე აქვს, ვიდრე - უარყოფითი“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმას, რომ ჯამურადაც, გამოყოფილი 330 მილიონიდან მხოლოდ 90 მლნ ლარამდეა ათვისებული, ამას საბანკო ასოციაცია რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. პირველი და ყველაზე მთავარია ის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული რყევები არ მოხდა, მეორე მიზეზი ბიზნეს სუბიექტების ლეგალურობის ხარისხს უკავშირდება, რადგან ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევები, როცა „გესთჰაუსი“ ფიზიკურ პირზეა გაფორმებული და არ სურს, დარეგისტრირება არც ინდმეწარმედ და არც - მიკრომეწარმედ. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ თუ საკრედიტო-საგარანტიო სქემის მონაწილე გახდება ბიზნეს სუბიექტი, პარალელურად, სხვა სახელმწიფო პროგრამით ვერ ისარგებლებს.

ცნობისთვის: თუ წელს საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 330 მილიონი ლარი ჩაიდო, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამისთვის 50 მილიონია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები