მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯოს თიზ-ის მფლობელს ინდუსტრიული ზონის მოწყობის გეგმის შემუშავება მთავრობამ 1 წლით გადაუვადა

649d31438beb7
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 11:39
510
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საგარეჯოში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები შეიცვალა. თიზ-ის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობამ პირველი დადგენილება 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოიცა. მისი მიხედვით, თიზ-ის პროექტს შპს “ასი გრუპ ჯორჯია” განახორციელებს, რომელიც იორდანიელი ბიზნესმენის, ოსამა ალ შანტის მიერ არის დაფუძნებული.

დადგენილებაში შესული ცვლილებით, ინვესტორს ერთი წლით - 2024 წლის 1 ივლისამდე გადაუვადდა ტერიტორიის სივრცითი და გეგმარებითი განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ვადა. ამასთან, უცვლელია თიზ-ის მოქმედების პერიოდი და ის 50 წლით განისაზღვრება.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №55.02.51.063.618 და №55.02.51.063.619) შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − საგარეჯოს თიზ), 50 წლის ვადით.

ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

თავად “ასი გრუპ ჯორჯია” დაკავშირებულია კომპანია "ასი გრუპ ჰოტელსთან", რომელმაც აგვისტოში სანატორიუმი "მედეა" შეიძინა.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ACE Group-ი ძირითადად ქიმიური მრეწველობით არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტის განვითარებას გეგმავს კომპანია საგარეჯოს თიზ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები