საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მაკა ბოჭორიშვილი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სპეკულაციისა, ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არ შეუჩერებს - ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის კითხვაზე, როგორი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რეფორმების შედეგად მოიპოვა და, თუ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრება, ქვეყანა EU-ს წევრებთან ითანამშრომლებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაცია, რასაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია და ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სწორედ ამ მიღწევით ისარგებლოს, ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ძალიან ხშირადაა მცდელობა, რომ [ოპოზიციამ] ევროკავშირი რამენაირად აიძულოს, სწორედ ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოსთან ურთიერთობებში და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს [მოვლენებს] და ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან შეიძლება გაჟღერდა, ჟღერდება და მომავალშიც გაჟღერდეს სპეკულაციები, მსგავსი რამ არ მოხდება.
უვიზო მიმოსვლა არის ძალიან სერიოზულ შედეგებზე და რეფორმებზე დაფუძნებული მიღწევა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამით ესარგებლათ ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან იმისთვის, რომ თუკი რაიმე გამოწვევა არსებობს, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ვიზალიბერალიზაციას, ამ ყველაფერზე შედგეს თანამშრომლობა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს მთავრობის კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ბლოკის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ მსჯელობენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხებზეც.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრმა 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ბოჭორიშვილი პოსტზე ილია დარჩიაშვილს ჩაანაცვლებს.