მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა მინისტრს ერთი ახალი მოადგილე ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრს ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. უწყების ახალ ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს სულ 5 მოადგილე ეყოლება, როგორც ეს აქამდე იყო.

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 3 დეკემბერს გამოქვეყნებული პრემიერ-მინისტრის ბრძანებების მიხედვით, მინისტრის მოადგილის პოზიციები შეინარჩუნეს ლაშა დარსალიამ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხათუნა თოთლაძემ, ხოლო გიორგი ზურაბაშვილმა თანამდებობიდან გადამდგარი თეიმურაზ ჯანჯალიას ადგილი დაიკავა.

მაკა ბოჭორიშვილის ახალი მოადგილე 2024 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2019 – 2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ამავე ქვეყანაში საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. გიორგი ზურაბაშვილი 90-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის შემდეგ უწყებაში 2013-2014 წლებში დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. უფრო ადრე 2012-2013 წლებში ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდ „საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, 2005-2012 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, ასევე 2002-2003 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 1996-2002 წლებში კი მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

გიორგი ზურაბაშვილმა 1989 წელს თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით დასრულდა. 2021 წელს მას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.

რაც შეეხება მინისტრის სხვა მოადგილეებს - ლაშა დარსალია, პირველი მოადგილის პოსტს 2021 წლის 9 ივნისიდან იკავებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციიდან 2020 წელს მოვიდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ხანია მუშაობს და მას 2017 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.

ხათუნა თოთლაძე მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 17 ნოემბრიდან დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს "ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი უწყება იყო, სადაც საჯარო მოხელეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, რასაც საჯარო მოხელეების პროტესტი სხვა სამინისტროებშიც მოჰყვა. პირველ დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი თემურ ჯანჯალიამ დატოვა. იმავე დღეს ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თემურ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, არამედ ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები