ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვალის მთლიანი მოცულობა გასულ წელს $319 მილიონი დოლარით შემცირდა და მან $8.6 მილიარდი შეადგინა. თუმცა ამ კლების მთავარი მდგენელი არა საქართველოს მიერ ვალის გასტუმრება, არამედ ევროს გაუფასურება იყო.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 59% ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2024 წელს ევრო დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა. ეს გაუფასურება საქართველოს საგარეო ვალზეც აისახა და დოლარში მისი მნიშვნელობა შეამცირა. დოლარში ვალის ნაშთის კლების მიუხედავად, გაზრდილია მისი ღირებულება ლარებში, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. 2024 წელს ლარი 4.5%-ით გაუფასურდა, რის გამოც ვალის ნაშთი 150 მილიონი ლარით, 24.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება კრედიტორთა სტატისტიკას, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი:
| კრედიტორი | ვალის ნაშთი, მლნ დოლარი |
| აზიის განვითარების ბანკი (ADB) | 2,270 მლნ დოლარი; |
| მსოფლიო ბანკი | 2,113 მლნ დოლარი; |
| ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | 1,079 მლნ დოლარი; |
| საფრანგეთი (AFD) | 766 მლნ დოლარი; |
| გერმანია (KFW) | 558 მლნ დოლარი; |
| საქართველოს ევრობონდი | 500 მლნ დოლარი; |
| IMF-ის მიმართ ეროვნული ბანკის ვალი | 351 მლნ დოლარი; |
| ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | 214 მლნ დოლარი; |
| აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | 212 მლნ დოლარი; |
| IMF-ის მიმართ მთავრობის ვალი | 176 მლნ დოლარი; |
| ევროკავშირი (EU) | 139 მლნ დოლარი; |
| იაპონია | 118 მლნ დოლარი; |
| სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | 35 მლნ დოლარი; |
| ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15 მლნ დოლარი; |
| ავსტრია | 10 მლნ დოლარი; |
| ქუვეითი | 9 მლნ დოლარი; |
| რუსეთი | 8 მლნ დოლარი; |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 6 მლნ დოლარი; |
| სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | 3 მლნ დოლარი; |
| თურქეთი | 2 მლნ დოლარი; |
| ყაზახეთი | 1.3 მლნ დოლარი; |
| აზერბაიჯანი | 1.2 მლნ დოლარი; |
| სომხეთი | 1.0 მლნ დოლარი; |
| ირანი | 0.8 მლნ დოლარი; |
| თურქმენეთი | 0.2 მლნ დოლარი. |


























