ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ასურეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ტელევიზიის ოპერატორი და საჰაერო ბურთის ორი მფრინავი ემსხვერპლა.
„სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის“, - ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.