"ჯესო სქაიში" აცხადებენ, რომ შიდა ფრენების შესასრულებლად საჰაერო ხომალდი არ ყოფნით. ეს არის მიზეზი, რის გამოც ავიაკომპანიამ მთავრობის მიერ გამოცხადებულ შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არჩევანი საერთაშორისო ფრენებზე გაკეთდა.
" შარშან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დავიწყეთ. ფრენებს მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით ვასრულებდით. საჰაერო ხომალდი, რომელსაც ვიყენებდით, იჯარით იყო აღებული, თავის მესაკუთრეს დავუბრუნეთ. ახლა ბოინგ - 757 ხომალდები გვყავს და ვფიქრობთ, უფრო საერთაშორისო მიმართულებებზე დავტვირთოთ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა არ მიგვეღო. ამ ეტაპზე საჰაერო ხომალდი არ გვყოფნის, რომ საერთაშორისო და შიდა ფრენები შევასრულოთ", - განაცხადა შალვა კიკნაძემ.
მაისში შიდა ფრენებზე გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ორი ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს დისკუსია პოზიციების შესაჯერებლად და პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ტენდერი გამოცხადდება.