რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 98 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„31 ოქტომბრის 23:00 საათიდან 1 ნოემბრის დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის განგაშის სისტემებმა გაანადგურეს 98 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1 ნოემბრის ღამეს, დრონებით თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, რუსეთის ხუთ ქალაქში აეროპორტები დაიხურა. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ პენზას, სამარას და სარატოვის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა, სავარაუდოდ, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დრონებით თავდასხმების რისკის გამო, კალუგისა და ტამბოვის აეროპორტებმაც დააწესეს ფრენების დროებითი შეზღუდვები.
უკრაინული მედიის ცნობით კი, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 223 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 140 Shahed-ის ტიპის დრონი იყო. უკრაინამ 206 დრონი მოიგერია.
უკრაინული მედიის თანახმად, დაფიქსირდა 17 საფრენი აპარატის თავდასხმა 7 ლოკაციაზე. ჩერნიგოვის ოლქის სოფელში რუსულმა დრონმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას დაარტყა, რის შედეგადაც ანგარს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო პოლტავის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად გაზის წარმოების ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
























