უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის ოლქის სობინსკის რაიონში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთ სასაწყობე კომპლექსზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე ნარჩუნდება. დაიცავით უსაფრთხოების ზომები“, - დაწერა გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა.
Wildberries-ში აცხადებენ, რომ ლოგისტიკურ ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხალხის ევაკუაცია მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ლოგისტიკური ჯაჭვები გადაეწყო, ხოლო მარაგების მიღება და შეკვეთების გაცემა სხვა ობიექტებზე ხორციელდება.
მოგვიანებით გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც თავის არეში დაზიანება აღენიშნება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სერიოზული გართულებების გარეშე. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის დროით 09:03 საათზე ავდეევმა კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. იგი მეზობელ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ქალია, რომელმაც ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.
კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ, რომელზეც ავდეევმა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ხელის თითი აქვს ტრავმირებული. „მას დახმარება სობინსკის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს. პაციენტი მკურნალობას ამბულატორიულად გააგრძელებს“, - დაწერა მან Telegram-არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 3 აგვისტოს ღამეს რუსეთის რეგიონების თავზე 131 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განეიტრალდა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორლოვის, სმოლენსკისა და ტულის ოლქების, კრასნოდარის მხარის, ასევე ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე.
ცნობისთვის, უკრაინამ Wildberries-ის საწყობებზე იერიშების მიტანა 18 ივლისს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში დარტყმის ქვეშ სულ მცირე 15 ობიექტი მოყვა. გასულ კვირას თავდასხმები თითქმის დღეგამოშვებით ფიქსირდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Wildberries-ისა და მისი გამყიდველების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას „რთული“ უწოდა. 30 ივლისს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა კი დავალება გასცა, შემუშავდეს მხარდაჭერის ზომები იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
რუსეთის მთავრობა და Wildberries დახმარების ერთიან სისტემას შეიმუშავებენ იმ ყველა მეწარმისთვის, რომლებიც მარკეტპლეისის ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ, - განაცხადა 31 ივლისს კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა. მან პირობა დადო, რომ კონკრეტულ ზომებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.




























