ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაკავებული მედია მენეჯერისთვის მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ორგანიზაციამ 24 თებერვალს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
საიას ცნობით, დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით.
"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.
სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.
ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.
საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი", - წერია საიას განცხადებაში.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. თავდაპირველად მედია მენეჯერი სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს, მეორე დაკავებისას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურნენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს.