საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტების შესახებ. არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები კი განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია.
როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა თუ ჟურნალისტების მიმართ.
"მეტიც, ასეთი ფაქტების სიმრავლე და პოლიციის სრული უმოქმედობა მიუთითებს, რომ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან არსებობს წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის განხორციელებაზე.
ამ ტაქტიკას პირველად 2024 წელს აპრილ-მაისის აქციების დარბევების დროსაც ჰქონდა ადგილი, რაც, როგორც ქცევის მოდელი, „ტიტუშკების რეიდად“ შეფასდა. 2024 წლის აპრილ-მაისში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან, რამაც კიდევ უფრო წააქეზა და განავრცო ძალადობის ფარგლები. სადამსჯელო დაჯგუფებების ძალადობას ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზე", - წერია საიას განცხადებაში და მოყვანილია კონკრეტული მაგალითები:
2024 წლის 28 ნოემბრიდან, ტერორის სახელმწიფო მექანიზმის არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების ინტერესს შემდეგი პირები წარმოადგენენ:
- 2 დეკემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას, სამი ე.წ. ტიტუშკა საკუთარ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის აქციაზე მისვლას ცდილობდა, მას სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
- 5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო მარიოტის წინ, მობილიზებული ე.წ. ტიტუშკები შენობიდან ოპოზიციის ლიდერების გამოსვლას ელოდებოდნენ. მათ შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციის თანამშრომელი, გიორგი პირველაშვილი. ტიტუშკებსა და პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების დროს პოლიცია ე.წ. „ტიტუშკებს“ შეუერთდა თავდასხმაში და სპორტსმენი და ოპოზიციური პარტიის „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი დააკავა.
- 6 დეკემბერს „პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ უცნობი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იმის მიუხედად, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე.
- 6-7 დეკემბრის აქციაზე, ღამით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული8 უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რასაც არ მოჰყოლია პოლიციის მხრიდან რაიმე რეაგირება.
- 7 დეკემბერს სადამსჯელო რაზმების ძალადობა ახალ რეპრესიულ საფეხურზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც ისინი თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ აქციის მონაწილეებს ნიღბიანი, ხელკეტებით შეიარაღებული პირები დასდევდნენ და სცემდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძესაც, რომლის თქმითაც პოლიციას ძალადობაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. გავრცელებული ინფორმაციით, ტიტუშკებმა სცემეს აქციის მონაწილეს, ფსიქოლოგ გიორგი ჩოგოვაძეს.
- 7 დეკემბერს ერთი და იგივე სადამსჯელო დაჯგუფება თავს დაესხა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ამავდროულად სასტიკად გაუსწორდა ოპერატორს, გიორგი შეწირულს. დაჯგუფების წევრები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაკა ჯანაშიას და ეკა ჯანაშიას და წაართვეს მათ ტელეფონები, რადგან ისინი „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე ძალადობის კადრებს ტელეფონით იღებდნენ.
- 7 დეკემბერს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, იგივე სადამსჯელო დაჯგუფება შეიჭრა პარტია „ახალის“ ოფისში და კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე თავდასხმა ხანმოკლე ინტერვალით ბესიკის ქუჩაზე მოხდა, ხოლო პოლიციას ამაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
საიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ ვინ არიან სადამსჯელო დაჯგუფების წევრები. "ეს ცხადადაა ცნობილი ღია წყაროებში არსებულ მასალებში, მაგალითად, ზოგჯერ ჩანს თავდამსხმელთა სახეები. თუმცა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ, მაშინ, როდესაც საპატრულო ეკიპაჟს შეეძლო რეალურ დროში აღეკვეთა ძალადობა, ან მოეხდინა მასზე რეაგირება, საჯარო წყაროები მიუთითებს სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობაზე.18
ეს ყოველივე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უთითებს, რომ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით.
საია განაგრძობს შეკრების თავისუფლებისა და სხვა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.