მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიმპორტო გადასახადის დაწესების შემდეგ, 2025 წელს არმატურის იმპორტი შემცირდა

არმატურა

2025 წელს არმატურის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონ 215 ათასი დოლარის ღირებულების 223 145 ტონა არმატურა შეიძინა. 2024 წელს რეკორდული იმპორტის მაჩვენებელთან შედარებით, კლება 40%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლიდან არმატურის იმპორტი იბეგრება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის იყო მიღებული. სტატისტიკის მიხედვით, საიმპორტო გადასახადის დაწესებამ გავლენა იქონია, როგორც იმპორტის მოცულობებზე, ასევე მომწოდებელი ქვეყნების გეოგრაფიაზეც.

2025 წელს საქართველოსთვის არმატურის მთავარი მომწოდებელი თურქეთი გახდა. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლამდე იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს რუსეთი და ირანი იკავებდნენ, დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ კი არმატურის იმპორტი თურქეთიდან გააქტიურდა.

2025 წელს იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  1. თურქეთი - $90.2 მლნ, 153 814 ტონა;
  2. რუსეთი - $19.3 მლნ, 37 615 ტონა;
  3. ირანი - $13.9 მლნ, 27 030 ტონა;
  4. აზერბაიჯანი - $2.5 მლნ, 4 647 ტონა;
  5. პოლონეთი - $71 ათასი, 35 ტონა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არმატურის იმპორტი 2025 წლის 25 იანვრიდან იბეგრება. თავდაპირველად აღნიშნული გადასახადი იმპორტიორებს 1 სექტემბრამდე უნდა გადაეხადათ, თუმცა 27 აგვისტოს გამოცემული დადგენილებით ვადა 2026 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. მთავრობის დადგენილების თანახმად, იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 420 ლარია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. 2024 წელს იმპორტი 62.7%-ით, 351,671 ტონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის ღირებულება $212 მილიონი იყო, ზრდა - 55.8%. სტატისტიკის მიხედვით, არმატურის იმპორტის თითქმის ნახევარი $114 მლნ რუსეთზე მოდიოდა, ირანიდან იმპორტი კი $81 მილიონს შეადგენდა.

კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები