მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიმპორტო ტარიფის პირობებში, არმატურის დემპინგური ფასების ზეწოლა განეიტრალებულია - ირაკლი ლექვინაძე

არმატურა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, არმატურის იმპორტზე დამცავი ტარიფის არსებობის პირობებში, დემპინგური ფასების ზეწოლა ადგილობრივ ინდუსტრიაზე გარკვეულწილად განეიტრალებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აქედან გამომდინარე, სააგენტოს შესწავლის რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია.

არმატურის იმპორტის დაბეგვრის ვადა გახანგრძლივდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 ტონაზე 420 ლარის ოდენობის ტარიფი 2026 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს.

"წინა წელს დავიწყეთ შესწავლა შესაძლო დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით. ეს რუსეთიდან და ირანიდან შესაძლო დემპინგურ იმპორტს ეხებოდა, მომართვა განახორციელა ადგილობრივმა ინდუსტრიამ. ჩვენი პირველადი ანალიზის მიხედვით, დაფიქსირებული იქნა ირანიდან დაახლოებით 24%-იანი დემპინგური ზღვარი და რუსეთიდან 7-8%-იანი დემპინგური ზღვარი და ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული გავლენა ამას ჰქონდა ადგილობრივ ინდუსტრიაზე, რაც ასახული იყო წარმოების და ფინანსური მაჩვენებლების გარკვეულწილად გაუარესებაში.

თქვენ იცით, რომ გასული, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შემოვიდა დამცავი ტარიფი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ასევე გაგრძელდა ექვსი თვის ვადით. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი ამ ტარიფის შემოღების შემდეგ ბაზარზე არსებული ვითარების და ვნახეთ, რომ აღნიშნული ტარიფის პირობებში ადგილობრივი ინდუსტრიის პოზიციები არის გაუმჯობესებული რეალურად და იმპორტი იმ რისკის შემცველი ქვეყნებიდან არის შემცირებული. ეს ასახულია ფასებზეც, რომელიც არის ბევრად უფრო სამართლიანი და გამორიცხავს ამ დემპინგური ფასების გავლენის ნეგატიურ ეფექტს. ამიტომ ამ ეტაპზე, ჩვენი შესწავლის ვადა იწურება დაახლოებით დეკემბერში და ვთვლით, რომ ტარიფის არსებობის პირობებში, დემპინგური ფასების შესწავლის გაგრძელება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც დამცავი ტარიფი მუშაობს და ჩვენი რეკომენდაციაც, თუ ტარიფი არ იარსებებდა, შესაძლოა ყოფილიყო, პირობითად, ანტიდემპინგური ტარიფების შემოღება ან არ შემოღება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სანამ დამცავი ტარიფი იმუშავებს, ამ ეტაპზე ჩვენი რესურსი შესწავლის, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის, არის ამოწურული და პირობითად, თუ მომავალშიც იქნება მსგავსი ტიპის პრობლემატიკა, დაველოდებით ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვას",- ამბობს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები