მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საინი“ წლის დასაწყისში მაღაზიას ხსნის - დამფუძნებელი გეგმებზე

მაღაზია

„საინი“ 2024 წლის დასაწყისში მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო სლეპჩენკომ განაცხადა.

„2024წელი ჩვენი კომპანიისთვის სიახლეებით დახუნძლული იქნება. პირველ რიგში წლის დასაწყისში მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ. „საინის“ ფიზიკური მაღაზია ვერაზე, ბარნოვის ქუჩაზე იქნება. ჩვენ მომხმარებელს აქამდეც ფართო არჩევანს ვთავაზობდით, როგორც ინტერიერის, ასევე ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, თუმცა აქამდე პროდუქციის რეალიზება მხოლოდ ონლაინ ხდებოდა“, - აღნიშნა ნინო სლეპჩენკომ.

„საინის“ პროდუქცია მოიცავს ქართული ანბანის გრაფიკული გამოსახულების ბრუნვით მიღებულ ორნამენტებს, სანათებს, გრავირებულ დეკორატიულ სარკეებს, ჭურჭელს, ნატურალური ქვის გრავირებულ კედლის დეკორებსა და მაგიდებს, იატაკისა და კედლის მოზაიკას, კერამიკულ ფილებს, დეკორატიულ გაფორმებებს, ტექსტილს და სხვა. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ის მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა არის ნივთები, რომლის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვისაც ხელმისაწვდომია.

„სტუდიის დაარსებიდან დღემდე, ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის წარმოებისთვის, დაახლოებით, 40 ათასი ლარის ინვესტიცია გვაქვს ჩადებული. თავდაპირველად "საინი" მხოლოდ ორნამენტიან ფაიფურის თეფშებს აწარმოებდა, დღეს კი ამ ორნამენტებით 10-ზე მეტ სხვადასხვა საავტორო დიზაინერულ პროდუქტს ვქმნით. მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი "საინს" ადგილობრივ ბაზარზე თავისი ნიშა გაუჩნდა", - ამბობს "საინის" დამფუძნებელი.

კომპანიაში დღეისათვის 8 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საქმეში მუდმივად ჩართულია ხუთი ადამიანი. "დიდ შეკვეთებზე მუშაობისას მივმართავთ შტატგარეშე თანამშრომლებს. გუნდი მცირეა, მაგრამ შედგება პროფესიონალებისგან”, - აცხადებს ნინო სლეპჩენკო.

კომპანია "საინი" ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ანბანის ასო-ნიშანთა ორნამენტებით შემკულ ფაიფურის ჭურჭელს, სანათებს, ინტერიერის საავტორო ნივთებს, კერამიკულ ფილებს, ტექსტილს, სამკაულებს, სუვენირებსა და ექსკლუზიურ საჩუქრებს სთავაზობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები