მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო პროექტები - რა შემთხვევაში გამოიყოფა ბიუჯეტიდან დაფინანსება?

63f130b2818f9
ნინო ტაბატაძე
20.02.23 10:14
847
მთავრობამ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგია დაამტკიცა

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საინვესტიციო თუ კაპიტალური პროექტების მართვის პროცესი ექვსი მთავარი ეტაპისგან შედგება:

• პროექტის წინასწარი შეფასება,
• პროექტის საბოლოო შერჩევა,
• პროექტის ასახვა ბიუჯეტში,
• პროექტის განხორციელება,
• პროექტის მონიტორინგი,
• პროექტის შედეგების შეფასება.

განისაზღვრა პროექტების 3 კატეგორიაც: 

• მცირე - 5 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტი;
• საშუალო - 5 მლნ ლარიდან 20 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტი;
• მსხვილი - 20 მლნ ლარის და მეტი ღირებულების პროექტი;

მეთოდოლოგიის მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საჭირო ყველა ხარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის შექმნისა და მისი ფუნქციონირებისთვის, დაფინანსების წყაროს (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორის დაფინანსება, სესხები და/ან ბენეფიციარის თანადაფინანსება) მიუხედავად.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესით განსაზღვრული პროექტის ღირებულებას, ასევე შეიძლება დაემატოს სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა ვალდებულების (მათ შორის, პირობით ვალდებულებები) ღირებულება;

მეთოდოლოგია ითვალისწინებს წინასწარი შეფასების ეტაპსაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროექტის რაციონალურობის დადგენა ლოჯისტიკის, რისკების და მდგრადობის თვალსაზრისით; ასევე ალტერნატივების გამორიცხვა.

„ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი პროექტის შეფასების ძირითადი ელემენტია. აღნიშნული ანალიზი რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით იძლევა პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და პროექტის ალტერნატიული ვარიანტების შეფასების შესაძლებლობას. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და სარგებელი გამოსახულია ფულად ღირებულებაში, ასევე გამოითვლება წმინდა მიმდინარე ღირებულება. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს ხორციელდება პროექტის ზეგავლენის შედარება „არაფრის კეთების“ ალტერნატივასთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნია, რომ ბიუჯეტში ასახვამდე, პროექტებზე დადებითი დასკვნა უნდა გასცეს ეკონომიკურმა საბჭომ, რის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები აისახება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში და შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი ასევე მოიცავს აღნიშნული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები