მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ 1 347 პირზეა გაცემული - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ 1 347 პირზეა გაცემული.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის პროექტს.

„მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები. გახსოვთ, რომ ამ სპეკულაციებს უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებით წაგვლეკავდნენ ჩვენ უცხოელი მიგრანტები. მთლიანობაში, გეტყვით, როგორი სტატისტიკაა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებს პირი, რომელიც საქართველოში შეიძენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს და ეს ზღვარი არის გაზრდილი 150 000 აშშ დოლარამდე. მთლიანობაში, საქართველოში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, არის 4 827 პირი, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას.

ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის გაცემულია 2 716 პირზე, 2.5. %-ია მათი ხვედრითი წილი მთლიან სტატისტიკაში. სპეციალური ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 1952 პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი, ან დაზარალებული, ანუ რეალურად თავშესაფარს ვაძლევთ ასეთ პირებს საქართველოში. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ არის გაცემული 1347 პირზე და ეს ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე ამ მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს. მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 646 პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 223 პირზე, IT ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 92 პირზე. სინამდვილეში, IT სექტორში ბევრად მეტი უცხოელია დასაქმებული საქართველოში, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის ის, რომ ეს პირები იღებენ არა IT ბინადრობის ნებართვას, არამედ სტანდარტულ შრომით ბინადრობის ნებართვას. სასურველია, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალოს და დაიხვეწოს. უვადო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 14 პირზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 4 პირზე. ეს არის საერთო სტატისტიკა, რაც სრულ სურათს გვიჩვენებს ბინადრობის ნებართვის სტატისტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი.

„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ - 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი. მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% არის ინდოეთის მოქალაქე, თურქეთის - 5 600 პირი, ბელარუსი - 4 930. სლავური ქვეყნების წარმოადგენლები ძირითადად არიან დასაქმებული IT სექტორში უმეტესად. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად არიან დასაქმებული მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთი - არის 4 000-ზე მეტი ასეთი პირი, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებული, აზერბაიჯანი - 3 000-მდე პირია, უკრაინა - 2 849. უკრაინელები ძირითადად არიან IT სფეროში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული. ჩინეთი - 2 000-მდე პირია, ყაზახეთი - 1 891, ირანი - 1 277 პირი.

რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკას - IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%, მშენებლობის სექტორში - 3.6%, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება -7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი - 6.6%, ბიზნესის ადმინისტრირება - 6.2%, სტუმარ-მასპინძლობა - 5.8%, დაუმუშავებელი მრეწველობა - 4.6%, აქაც არის ქარხნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში ქართველი მუშახელის მოძიება, შესაბამისად, შესაბამის საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია უცხოელების 2.1%, სპორტი - 2.1%“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები