აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ჟვანიას შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე აისახება ის დაძაბულობა და არასტაბილურობა, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ბიზნესგარემოს შეეხებოდა.
მისი აზრით, ეკონომიკას სტაბილურობა სჭირდება, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც უცხოურ ინვესტიციებზე, ის სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო არის ისეთივე, როგორი რყევებიც გვაქვს ქვეყანაში. საინვესტიციო გარემო ვერ იქნება განყენებულად; მასზე აისახება არასტაბილურობა, დაძაბულობა, ნებისმიერი რაღაც, რაც ქვეყანაში ხდება... ეკონომიკის [განვითარებას] სჭირდება სტაბილური გარემო“, - აცხადებს ირაკლი ჟვანია.
რაც შეეხება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს, რომელიც ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება, „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ამბობს, მსგავსი მერყეობა საქართველოსთვის ახალი არაა და მაჩვენებელი ხშირად მსხვილი ტრანზაქციების არსებობისა თუ არარსებობის მიხედვით იცვლება.
"ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი იიჩნევს, რომ ქვეყნის პროგრესისთვის აუცილებელია ყველა ეკონომიკური რგოლის გამართული მუშაობა, რადგან თითოეული ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია და ერთის ჩავარდნა მთლიან განვითარებას აფერხებს.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნეს და საკონსულტაციო კომპანიის მმართველმა პარტნიორმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ევროკავშირი არ არის მხოლოდ ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ასე ვთქვათ შეიმუშავებს კანონებს თუ წესებს. EU არის ცოდნა, გამოცდილება, მაღალი სტანდარტები და ყველაფერი ის, რაც მდგრად განვითარებას უზრუნველყოს“, - აღნიშნა მან.
რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში? - „ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს ქვეყანა არის ყველასი და ყველას მოქმედების და ერთიანობის გარეშე, ჩვენ ვერც ეკონომიკაში და ვერც სხვა მიმართულებით მნიშვნელოვან განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ. ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მთავარი ქვაკუთხედია ქვეყნის განვითარებისთვის“ - აცხადებს ირაკლი ჟვანია.




























