საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბებული ინვესტიციების სააგენტო საინვესტიციო პრიორიტეტებს არ ცვლის და მუშაობას კვლავ ენერგეტიკის, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით აგრძელებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სააგენტოსთვის სწორედ ეს სექტორები რჩება მთავარ პრიორიტეტად და ინვესტორების ინტერესიც ძირითადად ამ მიმართულებებზეა კონცენტრირებული.
„ძირითადი საინვესტიციო პრიორიტეტული სექტორები ჩვენს სააგენტოში უცვლელია. ეს არის ენერგეტიკა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობა და BPO. სწორედ ამ მიმართულებებზე ვმუშაობთ და სწორედ ეს სექტორები არიან დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, სააგენტო პარალელურად ახალ შესაძლებლობებსაც განიხილავს და იმ სფეროებზე მუშაობს, რომლებიც გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების ფონზე სწრაფად ვითარდება.
„ყოველთვის ვფიქრობთ ახალ სექტორებსა და ახალ ბრენდებზე, რადგან მსოფლიო ვითარდება. აქტიურად განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მიმართულებასაც. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და განვითარების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნა PPP სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად საინვესტიციო და ექსპორტის მიმართულებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტოს გადაეცა. შედეგად, სააგენტოს მანდატი გაფართოვდა და დღეს ის, PPP პროექტების განვითარებასთან ერთად, ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაზეც მუშაობს.




























