მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმეს“ დასაქმებულები 13 თებერვლიდან გაფიცვას აანონსებენ - მოთხოვნები

63e3e3596dc1b
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.23 18:41
897
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „საირმეს“ დასაქმებულები 13 თებერვლიდან გაფიცვას აანონსებენ.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ 2023 წლის 17 იანვარს დაწყებული მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო დღეს გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრსა და „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორს ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცვის შეტყობინების წერილით მიმართა.

მისივე ინფორმაციით, შრომითი დავა მხარეებს შორის გასულ წელს წარმოიშვა და იმ დროისთვის გამართული მედიაციის ფარგლებში გარკვეული შეთანხმებით დასრულდა, რომელიც დამსაქმებელმა არ შეასრულა. მიმდინარე წელს კი ამას მენეჯმენტის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც დაერთო.

დღეისთვის, ბაღდათის რაოიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ;  საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

„დასაქმებულები ითხოვენ ღირსეულ შრომის პირობებს და მენეჯმენტის ცვლილებას იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავის უფლება-მოვალეობებს ამეტებენ და მათი მხრიდან დასაქმებულების მიერ მუქარის არაერთი ფაქტი ყოფილა. დასაქმებულები ითხოვენ ღირსეული შრომის პირობებს, რადგან საწარმოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

ქარხანაში დაახლოებით 27 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი 13 თებერვალს გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დრომდე წარმოება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.

მისივე ინფორმაციით, მენეჯმენტი დასაქმებულებს სხვა კადრების მოყვანითა და მათი ჩანაცვლებით ემუქრება და დასაქმებულების დაპირისპირებას ცდილობს.

BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "საირმე მინერალ ვოთერსის" მენეჯმენტს დაუკავშირდება და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ცნობისთვის: კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსი" მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები