ერთპარტიული პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
კერძოდ, საუბარია ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორიცაა ცესკოს წევრების, საპროკურორო საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევაზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, „ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას“.
კანონპროექტის ავტორების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ამიტომაც, მათი მტკიცებით, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში NGO-ების ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს.
„მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს შეუძლიათ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას“, - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პარლამენტი არა კონკურსის საფუძველზე, არამედ ფრაქციის ან პარლამენტის უფრაქციო წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით აირჩევს.
ხოლო ცესკოს წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. აქამდე, საჭირო იყო სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი.
„ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევისა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია, სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა.
კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. აქედან გამომდინარე, პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცესკოს შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს რეგლამენტში“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან „ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.




























