მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საჯარო მოხელემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ემსახურება ბიზნესს და არა პირიქით" - იურისტი

ირაკლი გაფრინდაშვილი

"ვერ ვხედავ, რომ გაჭიანურებული სამართლებრივი დავების მოსაგვარებლად რამე ხელშესახები ნაბიჯი გადაიდგა" - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში GLCC-ის მმართველმა პარტნიორმა კერძო სექტორისთვის არსებულ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში, კვლევაში მონაწილე კომპანიებს შორის, 63%-მდე გაიზარდა მათი წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორად კი სწორედ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია დასახელებული.

"ეს არ არის ახალი, წლებია, რაც პრობლემას წარმოადგენს როგორც საშუალო და წვრილი, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის და დაკავშირებულია ძირითადად სასამართლო საქმისწარმოებასთან და გაჭიანურებულ სასამართლო დავებთან. ვინაიდან დროში გაწელილი დავები ყველა ტიპის ბიზნესს მძიმე ტვირთად აწევს. ეს შეიძლება იყოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სასამართლო ან სხვა ტიპის დავა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებთან შეიძლება ბიზნესს წარმოეშვას, და გაიწელოს არაერთი წელი", - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო წლებში არ ყოფილა ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც არსებული პრობლემის გადაჭრისკენ იქნებოდა მიმართული. გაფრინდაშვილმა როგორც უშუალოდ სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"მე ვერ ვხედავ, რომ ისეთი ხელშესახები ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაგნაციაშია, იგივე მოცემულობასთან გვაქვს საქმე დროში გაწელილ სასამართლო დავებთან. იყო გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 2016-18 წლებში, როცა უბრალოდ შეჩერებული იყო საქმის წარმოებები, იმ რაოდენობის საქმეები იყო, რომ ფიზიკურად ვერ აუდიოდნენ მოსამართლეები. შემდეგ დაემატა მოსამართლეთა რაოდენობა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი. შესაძლებელია, რაოდენობა არ იყო საკმარისი, მაგრამ მე ვთვლი, რომ იქ სხვა პრობლემებიც არის, რომელიც არა მარტო მოსამართლეთა რაოდენობასთან არის დაკავშირებული.

ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი არის თვითონ იუსტიციის სისტემის შიგნით. საჯარო რეესტრთან დაკავშირებული სერვისები შეიძლება, შიდა გასაჩივრების მექანიზმით გადაწყდეს და აღარ წავიდეს სასამართლოში, მაგრამ ასე არ ხდება. ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოების პასუხი არის, რომ მიმართეთ სასამართლოს, პასუხისმგებლობას არ იღებენ, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა. ეს განსაკუთრებით ბოლო სამ წელიწადში გამოიკვეთა, როდესაც ძალიან ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიშვა თვითონ ადმინისტრაციულ ორგანოში, ახალ მეწარმეთა კანონთან დაკავშირებითაც, მათ შორის. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომ გასაჩივრების პროცედურა არ მუშაობს ეფექტიანად და ამიტომ ეს დავებიც მიემართება სასამართლოში", - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.

კითხვაზე, რამდენად დეფიციტურია ადმინისტრაციულ სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა რაოდენობა, რომლებიც ამგვარ საკითხებზე უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, იურისტი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა არსებობს, რადგან საკითხის გადაწყვეტა სისტემის შიგნით წახალისებული არ არის.

"ეს რიტორიკული შეკითხვა არ არის, ეს არის რეალობა. ჩინოვნიკს არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა ეზარებოდეს (დაზარებას სიზარმაციდან გამომდინარე არ ვამბობ, პასუხისმგებლობის აღება, საკითხის გადაწყვეტის მიმართ, არ უნდა ეზარებოდეს, ეს უნდა იყოს პირიქით დაფასებული), რომ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა მოხდეს - საჯარო მოხელემ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს ის, რომ ის ემსახურება ბიზნესს და არა პირიქით, ბიზნესი ემსახურება მას. ანუ ეს უნდა იყოს ამოსავალი და ის უნდა ეხმარებოდეს ბიზნესს და არა პირიქით, არ უნდა უქმნიდეს პრობლემას იქ, სადაც შეიძლება ეს პრობლემა არ იყოს", - განაცხადა GLCC-ის მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები