არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანადამფუძნებლის, ანა გაგნიძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, საჯარო სამსახურში კომპეტენტური ადამიანების დასაქმებას კიდევ უფრო გაართულებს.
გაგნიძემ BMGtv-ის გადაცემაში, "წერტილი" ისაუბრა იმის შესახებაც, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ქვეყანას წარსულში აბრუნებს და დასაქმებულებს კარიერულ წინსვლას უზღუდავს.
„როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ HR-ს შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება ნაკლებად კონკურენტუნარიანია სხვადასხვა გარემოების გამო. მათ შორის, არის სახელფასო სარგოს ოდენობები. ამ ფონზე, მუდმივად გვიწევდა მუშაობა იმაზე, რომ რაც შეიძლება განათლებული და შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები მოგვეზიდა. რეპრესიების ფონზე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურის იმიჯი კიდევ უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე აქამდე გვიჭირდა ამ იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით შემცირდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მოძიება სამსახურში.
საჯარო სამსახურის ახალი კანონის გაცხადებული მიზნები იყო, რომ იგი უზრუნველყოფდა კეთილსინდისიერებაზე, დამსახურებაზე, კარიერულ წინსვლაზე, მათ შორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დაფუძნებული საკადრო სამსახურის ჩამოყალიბებას. დღეს, კარიერული განვითარების წინსვლას საფრთხის ქვეშ ზუსტად ეს შეტანილი ცვლილებები აყენებს. ფაქტობრივად ვეღარ ხდება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე კარიერული განვითარება. იმიტომ, რომ პოზიციები გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ეს შეტანილი ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონში ყველა პრინციპს არღვევს“, - ამბობს გაგნიძე.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რეფორმა, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობდა და შედეგი გამოიღო, 10 წლის თავზე წყალში იყრება და ქვეყანა 1997 წლის კანონის რედაქციას უბრუნდება.