მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურიდან კადრების გადინების ორი ფაქტორი - HR-სპეციალისტის მოსაზრება

616826688b74a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.21 23:30
1416
საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხი ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში დარგობრივ კომიტეტებზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მოსმენის ფარგლებში გააქტიურდა. თავად გიორგი კაკაურიძე თვლის, რომ სახელმწიფო დაწესებულებები კერძო სექტორთან არსებულ კონკურენციას ვერ უძლებს და უწყებებიდან კადრების გადინება შეინიშნება.

„გარკვეულ პერიოდებში ვნახეთ, რომ თანამშრომელთა რიცხვი ამა თუ იმ სამინისტროში 30%-ით და მეტითაც შემცირდა. დეპარტამენტების უფროსების დონეზეც კი ფაქტობრივად შეუძლებელია ახალი კადრის მოყვანა. ასევე, ყველა აქ მომუშავე გამოცდილი და კვალიფიციური კადრი ცდილობს კერძო სექტორში წასვლას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ და ამის მიზეზად სწორედ კერძო სექტორში არსებული მაღალი ხელფასები დაასახელა.

რატომ არ ინტერესდებიან კვალიფიციური კადრები საჯარო სამსახურში დასაქმებით და რა ფაქტორები განაპირობებს სახელმწიფო უწყებებიდან კადრების გადინებას - ამ კითხვებით BM.GE-მ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს, კომპანია Self.ge-ს დამფუძნებელს ნინო ფეიქრიშვილს მიმართა. ის საჯარო სამსახურში დასაქმებისა და იქიდან კადრების გადინების 2 ფაქტორს ასახელებს და ამბობს, რომ დაბალი შრომის ანაზღაურებასთან ერთად სხვა საკითხებიც არანაკლებ აქტუალურია.

„საჯარო სამსახურიდან კადრების გადინების საკითხი არ არის ახალი. ზოგადად სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმება ყოველთვის არამომხიბვლელად ითვლებოდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საჯარო სექტორი, კერძოსთან შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანია. თუმცა ეს მხოლოდ ხელფასების საკითხი არ არის, რადგან ახალი თაობა საინტერესო, დინამიკურ სამუშაოს ეძებს, მოსწონს ინოვაციური მიდგომები, განსახვავებული სამუშაო განაკვეთი და ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ბევრი წლის წინ ვამბობდით, რომ ყველა მიმართულებით ტრანსფორმაცია დასაწყებია, თუნდაც იმისთვის რომ საჯარო სექტორში დასაქმება ახალი თაობისთვის მომხიბვლელი გახდეს“, - განმარტავს ნინო ფეიქრიშვილი.

კითხვაზე შეუძლია თუ არა საჯარო სექტორს ასეთი პირობები შექმნა და ახალი კადრები მათთან მუშაობით დააინტერესოს, HR სპეციალისტი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნების შემთხვევაში ეს განხორციელებადია.

„ცვლილებების განხორციელების შესახებ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ქვეყანა ვერ განვითარდება თუ მართვის სათავეებში ჭკვიანი და პროფესიონალი ადამიანები არ იქნებიან და ახალგაზრდა თაობა არ იქნება დაინტერესებული ქვეყნის ინტერესებში ჩადგომით. თუ ხელისუფლების პოლიტიკა იქნება, რომ ახალგაზრდა თაობით შეავსოს სხვადასხვა დაწესებულება, ვფიქრობ, ეს ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება“, - ამბობს ის.

ნინო ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებები მხოლოდ იქ დასაქმებული კადრების შენარჩუნებას შეძლებენ და არა დამატებითი ახალი კადრების მიზიდვას.

„ისეთი თაობა მოდის, მხოლოდ ანაზღაურებაზე აქცენტის გაკეთებით, ახალ კადრებს ვერ მიიზიდავენ, თუმცა იქ არსებულ კადრებს ამით შეინარჩუნებენ. ხელფასს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა HR-ის მიმართულებით ჩემი 10-წლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ აქ განმაპირობებელია ასევე სწორი და საინტერესო სამუშაო პოლიტიკა და გარემო“, - განმარტა ნინო ფეიქრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები