ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში გამოცხადებულ დირექტორის ვაკანტურ ადგილზე [განცხადება] არავინ შემოიტანა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სკოლების 97% -ში დირექტორის არჩევა სასკოლო საზოგადოების მიერ მოხდა, ხოლო დაახლოებით 30-მდე სკოლაში გამოყენებული იქნა დისკრეცია, ვინაიდან სკოლის მართვა საფრთხის ქვეშ დადგა.
„სკოლის დირექტორების საკითხს არ სჭირდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. სად არის ვაკანსია და ვინ სად დაინიშნა, ყველაფერი საჯაროა. ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ვაკანტური იყო [დირექტორის ადგილი] ან დირექტორის შემსრულებელი იყო, კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადეთ. ციფრებში არ მინდა საზოგადოება ცდომილებაში შევიყვანო. თუმცა ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში, გამოცხადებულ კონკურსებში, განაცხადი სამწუხაროდ, არავინ არ შემოიტანა. შესაბამისად, სამწუხაროდ, ხელახლა გვექნება კონკურსები ჩასატარებელი. სხვა არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ ჰქონდა, როდესაც არავინ არის კანდიდატი ვერავის დანიშნავ, შესაბამისად დარჩა ის კანდიდატი, რომელიც მანამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
საჯარო სკოლების 90% -ში კომისიებმა კანდიდატი თავად შეარჩიეს და სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს. დირექტორების 97% აირჩია სასკოლო საზოგადოებამ და მხოლოდ მცირე რაოდენობაში იყო გამოყენებული, დაახლოებით 30-მდე სკოლაში, რადგან რეალურად სკოლა მართვის საფრთხის ქვეშ იყო. ეს იყო ძალიან ინდივიდუალური, ძალიან ერთეული შემთხვევა.
არც ერთ კანდიდატზე არ მოგვისმენია, რომ არის არაკვალიფიციური, ვინმე არ შეესაბამება სტანდარტებს და არ შეუძლია სკოლის მართვა. ჩვენ რომ პოლიტიზირება გვნდომებოდა, 2100 სკოლაშივე მოვახდენდით დისკრეციას. ბუნებრივია, სადაც კონკურსები არ შემდგარა, კვლავ ვაკანტურია ადგილი“, - აცხადებს ამილახვარი.