განათლების რეფორმის რეალური მიზანი აკადემიური პერსონალის წმენდა და სასწავლო შინაარსის პოლიტიკური კონტროლია – ასე აფასებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია "ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმას "ანალიტიკას" ეთერში და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკა უნივერსიტეტებში "მიკერძოებული პროფესურის" წინააღმდეგ პირდაპირ მიანიშნებს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ ტრანსფორმაციაზე, პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ.
"თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს „ნაჯახით ოპერაციას“ ადარებს. მისი თქმით, პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, სამინისტრო პროგრამების გაუქმებისა და კვოტების შემცირების გზით მიდის, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი სასწავლებლების დასუსტებას ემსახურება.
"2024 წლის მაისში განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რას ემსახურება ეს ყველაფერი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ არ მოგვწონს, რაც ისწავლება უნივერსიტეტებში და არ მოგვწონს პროფესორები, პროფესორები არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები - აი, პირდაპირ ასე თქვა. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რას აკეთებენ რეალურად, თვითონ თქვეს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული პროფესორები უნდა გავყაროთ უნივერსიტეტებიდან და შინაარსი უნდა იყოს რაღაც სხვა. მერე გამოიგონეს უკვე სხვა პრობლემები.
წარმოიდგინეთ, რომ ვართ ექიმები და ჩვენთან მოდის 20 სხვადასხვა პაციენტი. ზოგს თავი სტკივა, ზოგს ფეხი, ზოგს სურდო აქვს და უცებ ჩვენი მთავარი ექიმი ამბობს, რომ ყველას სჭირდება ოპერაცია. ზოგს ხელი უნდა მოვაჭრათ, ზოგს თავი, ზოგს გლანდები აქვს ამოსაჭრელი, და რომ ეუბნები, რომ იქნებ თერაპია სჭირდება, იქნებ წამალმა უშველოს, ის გეუბნება, რომ არა, ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, თან - ნაჯახით... ზოგს უბრალოდ ავუკრძალოთ არსებობა, საერთოდ თავი უნდა მოვაჭრათ და მერე ხელოვნურ სუნთქვაზე შევაერთოთ, რომ რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალოს და არა დღესვე. აი, ასე მოქმედებენ", - ამბობს სიმონ ჯანაშია.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეფორმის ავტორთა არგუმენტები, პროფესორების დატვირთვასა თუ სტუდენტების სწრაფ დასაქმების შესახებ, მხოლოდ ფასადია. რეალური მიზანი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, მათ შორის განათლებისა და ბიზნესის, მმართველი პარტიის ინტერესების სამსახურში ჩაყენებაა. ჯანაშია ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მეთოდოლოგიას, რომლითაც დგინდება, თუ რამდენი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას.
"პარტიის მხარდამჭერების ან "ქართული ოცნების" წევრების გარდა საერთოდ არავისგან მომისმენია, რომ აქებდეს ამ რეფორმას. არცერთი ნორმალური პროფესორი, მეცნიერი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რა კარგია, ასეთი რაღაცები ხდება. და საინტერესოა, რატომ ხდება ეს, რით ვერ მოიგეს პროფესორების გული?! მე მგონი, იმას ვერ ხვდებიან, რომ პროფესორებისთვის ხელფასის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი არ გამოთქვან. ფულით ვერ იყიდი ამ აზრს.
იმ ლოგიკას გავყვეთ, რასაც შეიძლება მხარს უჭერდეს ვინმე: ამბობენ, რომ თუ ბაზარი არ ითხოვს და თუ დასაქმება შეუძლებელია ამდენი ხალხის, მაშინ რატომ უნდა გამოუშვას უნივერსიტეტმა. და რეალურად საიდან ვიცით რამდენს ითხოვს ბაზარი, რამდენი ადამიანი დასაქმდება? ამბობენ, რომ ჩვენ შევისწავლით რამდენი იურისტი შეიძლება დასაქმდეს საქართველოშიო. საიდან დაადგენენ რამდენი იურისტი სჭირდებათ? რამდენი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც იურისტია? განათლების მინისტრიც იურისტია, მისი მოადგილეებიც იურისტები არიან; რატომ ამთავრებდა ეს ხალხი ამ იურიდიულ მიმართულებას? იმიტომ რომ ის მიმართულებები, რომლებიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმდე, არის უფრო მიმზიდველი, განსაკუთრებით ისეთ ეკონომიკაში, რომელშიც დასაქმება არის რთული და რომელიც არ არის მდგრადი და სტაბილური", - ამბობს სიმონ ჯანაშია.
"თავისუფლების მოედნის" წევრმა რეფორმის ის ნაწილიც შეაფასა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა სტუდენტი უფასოდ ისწავლის. განათლების ექსპერტის პროგნოზით, დაფინანსების შემცირების პირობებში, ხარისხის ზრდა და საერთაშორისო თავსებადობა შეუძლებელი იქნება.
"თუ ვლაპარაკობთ ხელფასების ზრდაზე და განათლებაში მეტ ფულზე, მეტი ფული რანაირად იქნება განათლებაში, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეუბნები, რომ შენ შეიძლება ფული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო. აქამდე ბიუჯეტის დაფინანსებაც გქონდა და ქართველი და უცხოელი სტუდენტებისაც, რაც, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება უნივერსიტეტის დაფინანსების 2/3 ან 3/4-იც კი ყოფილიყო. ახლა უტოვებ მხოლოდ იმ დაფინანსებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გაქვს და არც გაზრდილა. თუ არ გაიზარდა ეს ფული, რანაირად გაუმჯობესდება უნივერსიტეტში ვითარება? უნივერსიტეტს ახლა შეიძლება ჰქონდეს ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები ფული, ვიდრე ჰქონდა შარშან, და ამის ხარჯზე თან ხელფასი უნდა გაიზარდოს, თან ხარისხი უნდა გაიზარდოს, თან რაღაცნაირად უნდა მივაღწიოთ უკეთეს თავსებადობას საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დაადგინა, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები, კვლევის შედეგების საფუძველზე კი უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყო.




























