დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ გამგეობის წევრის გიგა სოფრომაძის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, საჯარო უწყებებიდან 800-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. „სამწუხაროდ, ეს სრული რიცხვი არაა, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოუმართავთ ჩვენთვის; ასევე, არიან ადამიანები რომლებმაც საერთოდ უარი განაცხადეს საკუთარი საქმის გახმაურებაზე“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
გიგა სოფრომაძემ გადაცემაში „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ საქმიანობაზეც ისაუბრა და ის გამოწვევები აღწერა, რასაც პროფესიული კავშირი გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების და მოხელეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებისას აწყდება.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეპრესიულმა კანონებმა გარკვეულწილად იმოქმედა როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულების მხრიდან აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, ისე - მოტივაციაზე.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მოტივაციაზე... თავად რეპრესიების განმახორციელებლებიც არ არიან კარგ ხასიათზე, ღიმილიც არ აქვთ სახეზე“, - ამბობს გიგა სოფრომაძე.
- როგორ ცდილობს და რამდენად გამოსდის „კონსტიტუციის 78-ე მუხლს“ საჯარო მოხელეების ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით მათი, ვინც ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა საბაბით სამსახურებიდან გაათავისუფლეს?
- მიუხედავად შექმნილი გარემოსი, მაინც აქტიურები ვართ. 215 მიმდინარე საქმე გვაქვს სასამართლოში, რომელშიც ჩვენი კავშირის წევრები არიან ჩართული. ასევე, 10 საქმეს ვამზადებთ სასამართლოში გასაგზავნად. გვყავს პარტნიორი იურიდიული ორგანიზაციები, რომლებიც ათწლეულებია მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში...
- ამ დროისთვის სულ რამდენი საჯარო მოხელე და მოსამსახურეა გათავისუფლებული და რატომ ვერ შეიქმნა გათავისუფლებულთა ზუსტი ბაზა, რომელიც ყოფილ საჯარო მოხელეებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციაშიც დაეხმარებოდა?
- დიახ, სამწუხაროდ, ერთიანი ბაზა არაა შექმნილი, ამაშიც ხელს გვიშლიან - სახელმწიფო უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას გათავისუფლებულების შესახებ, მაგრამ ვმუშაობთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც გათავისუფლებულები საჯარო მოსამსახურეების ბაზა ჩაშენდება. პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება. რაც შეეხება გათავისუფლებულთა რაოდენობას, დადასტურებულად რაც შეგვიძლია ვთქვათ - სახელებით და გვარებით, დამსაქმებელი უწყებების მიხედვით, სულ 800-ზე მეტი ადამიანია გაშვებული, თუმცა სამწუხაროდ, ეს სრული რიცხვი არაა, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოუმართავთ ჩვენთვის; ასევე, არიან ადამიანები რომლებმაც საერთოდ უარი განაცხადეს საკუთარი საქმის გახმაურებაზე.
- მიზეზი რა არის - შიში?
- დიახ, შიში... ასევე გააჩნია რეგიონებს - არის რეგიონები, სადაც ახლობლების ჩართულობით დაიწყეს საუბარი გათავისუფლებულებთან, რომ არ იხმაურონ და ალტერნატიულ სამსახურს ჰპირდებიან; ზოგიერთთან იყო მორიგების მცდელობა და ა.შ. თუმცა უმეტესად შიშია მაინც მთავარი მიზეზი, რატომაც არ სურთ საკუთარი ქეისების გახმაურება. გარდა ამისა, იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც პარლამენტსა და შემოსავლების სამსახურში გამოიყენეს - ადამიანებს აიძულებენ თავად დაწერონ განცხადება სამსახურებიდან წასვლაზე. მაგალითად: პარლამენტში იყო შეთავაზებები რომ 1 წლის ხელფასს ჩაურიცხავდნენ, თუ თავად მიიღებდნენ წასვლის გადაწყვეტილებას... სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანები წავიდნენ და საჯაროდ არ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რაც გათავისუფლებამდე იყო...
- გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა, მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა, იმუშავა...
- დიახ, ნაწილობრივ [რეპრესიული კანონები] მუშაობს... აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანებზე ზეწოლა და წნეხი, მხოლოდ სამინისტროების ან თბილისის მერიის დონეზე არ ხდება - პროცესში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შსს და ფაქტობრივად, კომპლექსურად მუშაობენ, რათა ადამიანები გააჩუმონ. ვიცი, საჯარო უწყებებში [მაგალითად, თბილისის მერია] აიკრძალა პოლიტიკაზე საუბარი, მათ შორის მოსაწევ სივრცეში, შესვენებაზეც კი... თუ ორი თანამშრომელი პოლიტიკაზე საუბრობს და ამის შესახებ სამსახურის უფროსი გაიგებს, ამ პირებს თავიდან ეუბნებიან, რომ „არ გვინდა დესტრუქციის შემოტანა უწყებაში და მოდი, ყვავილებზე ვისაუბროთ, ვიდრე - პოლიტიკაზე“... განმეორების შემთხვევაში კი, უკვე საყვედურს ეუბნებიან...
- რას ეტყოდით საჯარო მოხელეებს, ვინც დუმილს არჩევს, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, უწყებას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას არ ავალდებულებს...
- პირველი, რაც თამამად შემიძლია შევთავაზო, არის ჩვენი პროფესიული კავშირის წევრობა, თუნდაც იმიტომ, რომ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს ვთავაზობთ ადამიანებს; პროფესიული კავშირის წევრობისას პერსონალური მონაცემები დაცულია და სამსახურიდან გაშვების რისკის შემთხვევაში, ჩვენ კოლექტიურად დავიცავთ მათ ინტერესს...
- გასაგებია, მაგრამ დღეს სამსახურიდან გათავისუფლების რისკებს ზრდის პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი...
- მესმის, თუმცა მმართველ ძალას ეშინია ჩვენი საუბრის და ცდილობენ მაქსიმალურად გაგვაჩუმონ, ამიტომ რისიც ეშინიათ, ის უნდა გავაკეთოთ ბევრმა და ბევრი ვისაუბროთ, ღიად ვისაუბროთ... ჩემი სამსახურიდან მხოლოდ მე - ერთი ადამიანი გამიშვეს, რადგან მეტის გაშვება ვერ გაბედეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართაც იყო გარკვეული წნეხი და ზეწოლა, ასეა სხვადასხვა უწყებაში, ამიტომ ძალა ერთობაშია და რაც უფრო ერთად ვიქნებით, მით უფრო დავძლევთ ამ გამოწვევას.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- განათლებული ადამიანები და ევროპული გამოცდილების და მიღწევების გადმოტანა და ინტეგრაცია საქართველოში... ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, ადამიანები ევროპის ქვეყნებში მუშაობენ დამლაგებლებად, მომვლელებად და საქართველოში ახერხებენ ოჯახების შენახვას და ქონების შეძენას... ე.ი. იქ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებაა და თუ ევროპაში დამლაგებლად მომუშავე ადამიანს, აქ ქონების შეძენა შეუძლია, წარმოიდგინეთ, როგორია იმ დამლაგებლის დამქირავებლის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა...
- წერტილი რას უნდა დავუსვათ საქართველოში?
- დიქტატურას და ერთპარტიულ მმართველობას უნდა დავუსვათ წერტილი




























