სახალხო დამცველის აპარატი ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც აპარატი შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს.
"სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება - ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს",- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 28 მარტს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დღეს მან განაცხადა, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მანამდე, რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით, საკითხზე განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. ამასთან, შსს-ს თანახმად, ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად და უარს აცხადებდა შემოწმებაზე.
ამ დროისთვის ელენე ხოშტარია თავისუფალია.