სახალხო დამცველი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიურად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე.
სახალხო დამცველის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა. "მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება", - იტყობინება სახალხო დამცველის აპარატი.
ომბუდსმენი მოუწოდებს საჯარო სამსახურებიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, უმიზეზო რეორგანიზაციის შედეგად უკვე 400-მდე საჯარო მოხელეა განთავისუფლებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში წმენდის გამო, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირმა - კონსტიტუციის 78-ე მუხლმა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ერთობლივად მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO), რათა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე დაინტერესდეს და შექმნას საგამოძიებო კომისია.




























