სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ შეკრებილ შუქრუთელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი აქციის მონაწილეთაგან შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანისთანავე დაიწყებს, მათ მიმართ უფლებადარღვევის შემთხვევების, მათ შორის, სავარაუდო უკანონო გათავისუფლებისა თუ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების შესწავლას.
აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს განცხადებისა და შესაბამისი საბუთების წარდგენას დაჰპირდნენ.
ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე რამდენიმე თვეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან შეკრებამ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა.
"სახალხო დამცველი პროტესტის გაჟღერების დღიდან თვალს ადევნებს მოვლენებს, ასევე, აპარატის
წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია ადვოკატთან და აქციის მონაწილეებსაც შეხვდნენ როგორც შუქრუთში, ასევე თბილისში. მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით 3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა: 1. შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლება, 2. მცხოვრებელთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი, 3. თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევა.
შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს წლების განმავლობაში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. ასევე, განცხადებით გამოეხმაურა იგი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მცხოვრებელთა შეკრებას, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ უფლების ჩამორთმევა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, თუ კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის განცხადებაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცველებს - არ მოხდეს მონაწილეთა შეკრების უფლების შეზღუდვა.
რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის საკითხს, სახალხო დამცველს არ გააჩნია უფლებამოსილება შეისწავლოს და შეაფასოს ფიზიკურ პირებსა და კერძო კომპანიას შორის დადებული შეთანხმება კომპანიის საქმიანობით გამოწვეული ზიანის, მისი მასშტაბის, კომპენსაციების ოდენობის ან გაცემის წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი სცდება სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და სახალხო დამცველი მოკლებულია სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ეს საკითხი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, პროტესტის დაწყებისთანავე განუმარტეს აქციაში მონაწილე შუქრუთელებს. მესამე საკითხი, რომლის შესწავლისა და რეაგირების საშუალებაც სახალხო დამცველს აქვს, ეხება თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევას. აქციაში მონაწილე სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თუ ისინი მიიჩნევენ რომ (გარდა ფულადი კომპენსაციის საკითხებისა) მათ მიმართ ადგილი აქვს პროცესუალურ დარღვევებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, ან კომპანიის მხრიდან იკვეთება შესაძლო დისკრიმინაცია - აუცილებლად მომართონ სახალხო დამცველის აპარატს, რაც აპარატს შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს საქმისწარმოება და შეისწავლოს შესაძლო უფლებადარღვევის საკითხები. 24 სექტემბრის მდგომარეობით ასეთი მომართვა აპარატში არ ფიქსირდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის სოფელ შუქრუთში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესწავლის შედეგებს საპარლამენტო ანგარიშში ასახავს. ამასთან, ამ საკითხის შესწავლა არ უკავშირდება კონკრეტული პირების უფლებადარღვევის და პროტესტის თემატიკას",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.