წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ი საქართველოს მოქალაქეებს უწესებს სანქციებს, აისახება თუ არა ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე? - ამ კითხვით ქართველმა ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სპიკერ მეთიუ მილერს მიმართა.
როგორც მილერმა განმარტა, ის დეტალურად ვერ ისაუბრებს იმ 150 პირზე, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და რომელთა წინააღმდეგაც ვაშინგტონმა სანქციები დღეს დააწესა, თუმცა, აღნიშნა, რომ ინდივიდების მიმართ სანქციების დაწესება საქართველოსთან ურთიერთობაზე არ აისახება.
„150 სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ქართველი ხალხის და მათი სურვილის მიმართ, რომ ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ ერთად საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ყოფნაზე, ამ ხედვას არანაირი ინდივიდუალური სანქციები არ შეცვლის“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. მათ შორის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს.
მიმდინარე წლის აპრილში კი, აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.