საქართველოში პირველი სახედრების ფერმამ „სახე-დარი“ წლიური წარმადობა გაზარდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, ბოლო წლებში გაზრდილი ცნობადობის ფონზე, კომპანია მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ სახედრები გადაახარისხეს და მხოლოდ მეწველი პირუტყვი დაიტოვეს.
„წარმადობა 2 500 ლიტრიდან 3 000 ლიტრამდე გავზარდეთ. სელექციის შედეგად, მხოლოდ მეწველი სახედრები დავიტოვეთ, ხოლო ის ცხოველებს, რომლებიც აღარ იწველიდნენ, ფერმერებს ან ზოოპარკს გადავეცით“, - ამბობს ლომიძე.
„სახე-დარი“ პროდუქციის ხაზსაც აფართოებს: ორი წლის შემდეგ პირველად ვირის რძის მაღალი შემცველობით დამზადებული საპნებისა და კრემების წარმოება განაახლა. როგორც ლომიძე ამბობს, მართალია ნედლი რძის საფუძველზე შექმნილი პროდუქტები მალფუჭებადია, თუმცა ეფექტიანობით გამოირჩევა.
კომპანიის სამომავლო გეგმებს შორის გამორჩეულია გერმანელ ინვესტორებთან ერთად სამედიცინო-კოსმეტოლოგიური სივრცის შექმნა. მეწარმის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ვირის ნედლ რძეზე შექმნილ პროცედურებს, მათ შორის - სახის ნიღბებს, კანის მოვლის პროდუქტებს, სპეციალურ თერაპიებს.
თემურ ლომიძე ასევე ამბობს, რომ ფერმა გეგმავს კვებითი პროდუქტების მიმართულების განვითარებას - კერძოდ, შოკოლადის, ლიქიორისა და ყველის მცირე წარმოებას.
უკვე გვაქვს ვირის რძის ფხვნილი, რომელიც ლიოფილიზაციის გზით მივიღეთ. მომავალში ამ ფხვნილისგან ტაბლეტების გამოშვებას და აფთიაქებში, როგორც საკვები დანამატის სახით შეტანას ვაპირებთ“, - აცხადებს ლომიძე.




























