მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო 2023 წელს ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალს ელის - ტურიზმის მიმოხილვა

ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 16 ნოემბერს დარგის წარმომადგენლებს ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვა და დაგეგმილი აქტივობები წარუდგინეს, რომელსაც მედია არ ესწრებოდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ 17 დეკემბერს რიგი მედიასაშუალებების მხრიდან გასაჯაროვდა. ამის მიუხედავად, მედიისთვის სახელმწიფო უწყების მიერ მომზადებული დოკუმენტის დეტალები უცნობი იყო. ამიტომ BM.GE-მ ეკონომიკის სამინისტროს და მის სსიპ-ს - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხედვის გაზიარების თხოვნით მიმართა, თუმცა სახელმწიფო უწყებებიდან პასუხი ვერ მიიღო. BM.GE-სთვის „ტურიზმის მიმოხილვა და დაგეგმილი აქტივობების“ შესახებ დოკუმენტი დარგის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

28-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურის 6.6 მლნ ვიზიტს ელის. რაც შეეხება შემოსავლების პროგნოზს უწყებაში ტურიზმიდან 4.4 მლრდ დოლარის შემოსავლის მიღებას ელიან.

ოფიციალური მონაცემებით, წელს პირველ 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან 5 566 980 ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი წლის მაჩვენებლის მხოლოდ 76.9%-ია, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 3 655 576 იყო. ეს რიცხვი პანდემიამდე ნიშნულს 8.4%-ით ჩამორჩება. 2022 წელთან შედარებით კი 35.2%-ით მეტია.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ ამ მიმართულებიდან 3.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი 2019 წლის (2.6 მლრდ დოლარს) შემოსავალს აღემატება.

ქვეყნების მიხედვით ვიზიტების მიხედვით პირველ ხუთეულს რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი და აზერბაიჯანი ავსებენ.

ამავე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იანვარ-სექტემბერში ტურისტული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 39.7% განთავსების საშუალებებზე მოდის და 4.1 მლრდ ლარს შეადგენს; რეიტინგში მეორე ადგილს შოპინგი 22.1%-იანი წილითა და 2.3 მლრდ ლარით, მესამეს - საკვები და სასმელი 20.4%-იანი წილით და 2.1 მლრდ ლარით, მეოთხეს - რეკრეაციული, კულტურული და სპორტული აქტივობები 9.9%-იანი წილით და 1 მლრდ ლარით, მეხუთეს - ადგილობრივი ტრანსპორტი 688 მლნ ლარით და 6.7%-იანი წილით, მეექვსეს კი სხვა დანახარჯები 72 მლნ ლარით და 1.3%-იანი წილით იკავებს.

ამასთან, დანახარჯების სტრუქტურაში 2019 წელთან შედარებით ყველაზე კარგი 139.1%-იანი ზრდის მაჩვენებელი განთავსების საშუალებებს აქვს, შოპინგში დანახარჯები 65.2%-ით, საკვებსა და სასმელში - 9.2%-ითაა გაზრდილი, ადგილობრივ ტრანსპორტში ზრდა 37.3%-ია, სხვა დანახარჯები კი 8..9%-ით გაიზარდა. რეკრეაციულ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში დანახარჯები 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ ვერ დაუბრუნდა და აღდგენა ამ შემთხვევაში 81.5%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმოხილვაში პროდუქტებსა და აქტივობებზე მომზადებული ანალიზიცაა წარმოდგენილი, რომლის მიხედვით ტურისტებში ყველაზე მეტად მოთხოვნად პროდუქტებში 51%-ით პირველ ადგილს ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო იყო, მეორეზე 20.1%-ით ხელოვნება და კულტურაა, მესამეზე 10.6% სათავგადასავლო ტურიზმი, მეოთხეზე 7.8%-ით ბუნება, მეხუთეზე - 3.2%-ით შოპინგი, მეექვსეზე - 2.7%-ით ოჯახური აქტივობები, მეშვიდეზე - 2.3%-ით ზღვაზე, ტბაზე, სანაპიროზე გასვლა, მერვეზე - 1.2%-ით ღამის ცხოვრება, მეცხრეზე კი 0.9%-ით მკურნალობა და გაჯანსაღება.

აღსანიშნია ისიც, რომ პირველ სამ კვარტალში ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 2 117 ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 90.5%-ითაა გაზრდილი. გაზრდილია ასევე ღამის თევის რაოდენობაც, რამაც 5.5 ღამე შეადგინა და პანდემიამდელ წელთან შედარებით 34.1%-ით მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში ვიზიტების მიზნებში 53.9% დასვენებაზე, გართობასა და რეკრეაციაზე მოდის, 20.2% მეგობრებისა და ნათესავების მონახულება, 12.5% ტრანზიტული მიზნით სტუმრობს ქვეყანას, 6.3% პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, 4.9% საშოპინგოდ, 0.6% განათლების მისაღებად, 0.4% მკურნალობა-გაჯანსაღებისთვის, 0.1% კი რელიგიური მიზნებისა და მომლოცველობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები