სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში, ანაკლიის პორტის საქმეზე შეტანილი სარჩელის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება.
„ძალიან მარტივადაა საქმე - სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დასრულდა ორივე საარბიტრაჟო დავა, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდებოდა. 2025 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორ ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 64 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას შეეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ბობ მეიერს სახელმწიფოსთვის იურიდიული ხარჯების ანაზღაურების, ასევე არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.




























