მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში დენის სისტემურად გათიშვის მიზეზს განმარტავს

ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

უწყების თანახმად, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს რიგით მესამე შემთხვევაა, 24-25 ივლისს დაფიქსირებულის შემდეგ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა ორი ენერგოსისტემის გამიჯვნა, რის შემდეგაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. კომისიის ინფორმაციით, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები