მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემას შემოსავალი და მოგება შეუმცირდა

ელექტროსისტემა

სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ოპერატორია, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 6 მილიონი ლარით შემცირდა და მან 339 მილიონი ლარი შეადგინა. გაცილებით უფრო მეტად 304 მილიონი ლარიდან 85 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მოგების შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის პირველია ის გარემოება, რომ თავად 2022 წელს კომპანიის შემოსავალი რეკორდულად მაღალი იყო და 304 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მოგების ნახევარი საოპერაციო საქმიანობით იყო განპირობებული, ხოლო მეორე ნახევარი კი საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლით, რისი მიზეზიც 2022 წელს ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. 2023 წელს კი ლარის გაცვლითი კურსი მცირედით გაუფასურდა, რაც კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში 20 მილიონის ხარჯს წარმოადგენდა.

თავის მხრივ საოპერაციო მიმართულებით მოგების შემცირება ასევე დაკავშირებული იყო კომპანიის თანამშრომლების ხელფასების მატებით. თუკი 2022 წელს ანაზღაურებები 39 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს ის 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ასევე 10 მილიონი ლარით 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა კომპანიის სხვა ხარჯებიც, რაც მივლინებების, გადასახადების ხარჯებს აერთიანებს.

კიდევ ერთი ფაქტორი რამაც სახელმწიფო ელექტროსისტემის ხარჯების ზრდა განაპირობა, დაკავშირებულია საარბიტრაჟო დავასთან, რომელიც კომპანიამ წააგო და 22.9 მილიონი ლარის ანაზღაურება დაევალა.

“წინა წლებში ჯგუფს ჰქონდა მიმდინარე სამართალწარმოება კონტრაჰენტთან. არბიტრაჟის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯგუფი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მომსახურების და მიწოდებული საქონლის ღირებულება და კონტრაჰენტისთვის მიყენებული ზიანი. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, 11,281,000 ლარი იქნა აღიარებული ანარიცხის სახით და 7,986,000 ლარი - აღიარებული ვალდებულების სახით, არბიტრაჟის გადაწყვეტილების შედეგად, ჯამური ვალდებულება, რომელიც შეადგენდა 22,909,000 ლარს 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, კლასიფიცირებულ იქნა „სხვა ვალდებულებების“ სახით და 2,907,000 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯი აღიარდა კონსოლიდირებულ მოგების ან ზარალის ანგარიშგებაში,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები