მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო ითხოვს ტოტალურ დუმილს" - მაია მწარიაშვილი "ბიზნესის დუმილის კანონს" აფასებს

მაია მწარიაშვილი

„თუ გინდა ბიზნესი აკეთო ან რომელიმე [კომპანიაში] იყო დასაქმებული, უნდა გაჩუმდე... სახელმწიფო ითხოვს ტოტალურ დუმილს“ - ასე აფასებს იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალ 355³-ე მუხლს, რომელიც მეწარმე იურიდიულ პირებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს.

BLB-ის და მაია მწარიაშვილის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ახალი რეგულაცია წინააღმდეგობაშია მეწარმეთა შესახებ კანონთან და ასევე, საქართველოს კონსტიტუციასთან.

ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ანუ "ბიზნესის დუმილის კანონი"|ანალიზი

"ბიზნესს აქვს უფლება ჰქონდეს პოზიცია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე... სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცვლილებები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესის სტაბილურობისა და პროგნოზირებისათვის", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში.

- 2025 წლის მეორე ნახევრიდან, სულ უფრო იშვიათად ისმოდა ქართული ბიზნესის ხმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით... თქვენი აზრით, ვისი შეეშინდა ხელისუფლებას - ისედაც მდუმარე ბიზნესის?

- კარგი კითხვაა... დიახ, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც ყოველთვის ითვლება ხოლმე, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა ბიზნესის საქმე არ არის, მაგრამ მოდით უფრო ფართოდ შევხედოთ, თუ ვინ ხვდება ამ მუხლის ქვეშ - სამეწარმეო სუბიექტები. სამეწარმეო სუბიექტებში კი, მაინცდამაინც მხოლოდ დიდი სუპერმარკეტების ქსელს ნუ წარმოვიდგენთ. რასაკვირველია ისინი არიან, მაგრამ მეწარმე სუბიექტებს წარმოადგენენ კერძო სკოლები, კერძო უნივერსიტეტები, სპორტული დაწესებულებები, გამოფენები, სამედიცინო დაწესებულებები - ეს ყველაფერი ბიზნესია ანუ ამ მუხლის ქვეშ ყველა ხვდება. ამდენად, გაცილებით ფართო სპექტრი მოიცვა, ვიდრე მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორზე და გრანტებზე ვსაუბრობდით. ის სხვა უბედურებაა, მაგრამ ეს მუხლი მოიცავს მთელ დანარჩენ სეგმენტს, რომლის დუმილიც მოითხოვება ბიზნესის კეთების სანაცვლოდ. მოკლედ, ამ კანონს ასე შეხედეთ: სახელმწიფო ითხოვს ტოტალურ დუმილს, იმიტომ, რომ ამ მუხლის წაკითხვისას თქვენს ქცევას მას ვერასოდეს შეუსაბამებთ - ძალიანაც რომ გინდოდეთ, თქვენს ქცევას ვერ მოარგებთ ამ მუხლის დისპოზიციას. ამიტომ სახელმწიფო გეუბნებათ: ვინაიდან ვერასოდეს მოარგებთ, ამას სჯობს, გაჩუმდეთ. თუ გინდა ბიზნესი აკეთო (და არა მხოლოდ აკეთო, არამედ თუ გინდა, რომ რომელიმე სამეწარმეო სუბიექტში დასაქმებული იყო), შენც უნდა გაჩუმდე, იმიტომ, რომ შენ რისკი ხარ შენი ბიზნესის მფლობელისთვის...

- რას უნდა დაესვას საქართველოში წერტილი?

- არალეგიტიმური კანონების მიღებას... ჩვენ კი არ უნდა გვთხოვდნენ, რომ არ შევქმნათ არალეგიტიმურობის განცდა... აი, ასეთი კანონები არის არალეგიტიმური, როდესაც ისინი ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები