მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო იურისტებმა 2024 წელს 1985 პენსიონერის და 3 989 არასრულწლოვანის უფლება დაიცვეს - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი

დავით სიმონია

2024 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურმა, სხვადასხვა ფორმით, 30 ათასამდე კონსულტაცია გასწია და 22 ათას აქტზე დოკუმენტბრუნვა აწარმოვა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურმა 3989 არასრულწლოვანის და 1985 პენსიონერის უფლება დაიცვა – ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, პირველი მოსმენით კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

როგორც "ოცნების" დეპუტატმა აღნიშნა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე და შექმნას ეფექტური მექანიზმი მათი უფლებების აღდგენისთვის. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი.

მისივე განმარტებით, თუ დამნაშავის ახლო ნათესავებს აღმოაჩნდებათ უკანონოდ შეძენილი ან დაუსაბუთებელი ქონება, ისიც ზიანის ანაზღაურების პროცესში იქნება ჩართული.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის ანგარიში. სამსახურის ხელმძღვანელის, დავით სიმონიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში უწყებამ წარმოებაში 21 512 საქმე მიიღო, საიდანაც 14 369 სისხლის სამართლის, ხოლო 2 251 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე იყო.

„ყოველწლიურად იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ჩვენს სამსახურს მიმართავს – ეს ტენდენცია ჩვენდამი საზოგადოებრივი ნდობის მატებაზე მიუთითებს“, – აღნიშნა სიმონიამ.

კომიტეტმა ანგარიშს ცნობად მიღების ფორმატით დაუჭირა მხარი. სხდომის დასრულებისას, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ იურიდიულ დახმარების სამსახურთან თანამშრომლობა გაგრძელდება და იგეგმება რიგი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, რაც იურიდიული დახმარების მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები