თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცების სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო "უზარმაზარ რესურსს" დებს, თუმცა კერძო სექტორის თანამონაწილეობაც საჭიროა - ამის შესახებ ჩიქოვანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მთავრობას უკვე აქვს პროგრამები, რომლითაც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს უზრუნველყოფს, თუმცა სამინისტრო კერძო სექტორთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
"სახელმწიფო დებს უზარმაზარ რესურსს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ჯარისკაცების სოციალური მდგომარეობა, მაგრამ, ჩემი პირადი ხედვაა, და ამას იზიარებს ჩვენი გუნდიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის თანამონაწილეობაც, რათა ის მხარდაჭერაც, რომელიც ზოგადად არსებობს საზოგადოებაში, პირდაპირ ითარგმნოს კონკრეტულ ქმედებებში.
ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს 1250-ლარიან თანადაფინანსებას ყველა ჯარისკაცის სტუდენტი შვილებისთვის. ამავდროულად, 3 ათეული უნივერსიტეტები ეხმარება ჯარისკაცებს და მათ 30%-იან ფასდაკლებას აძლევს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასევე ვმუშაობთ კერძო სექტორთან და უნივერსიტეტებთან, რათა გავზარდოთ თანადაფინანსების კომპონენტი უნივერსიტეტის მხრიდან და სასწავლებლების მაქსიმალურად ფართო წრე მოვიცვათ. არსებობს მინისტრის სტიპენდიაც, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვისაა", - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე აღნიშნავს, რომ ჯარისკაცთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო, სხვადასხვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პაკეტის გაზრდასაც გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება საგანმანათლებლო და, მათ შორის, რითეილ სექტორთანაც, რომლებსაც ჯარისკაცთა ოჯახებისთვის სხვადასხვა შეღავათების შეთავაზება შეუძლიათ.